რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ყავის კაფსულების მწარმოებელ კომპანია Meama-ს

ბიზნესი 1742633520
Meama

Meama ყავის კაფსულების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულებთან ერთად ყავის აპარატებს, მარცვლებსა და ჩაის პაკეტებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია ქართული ბაზრის ათვისებასთან ერთად, ყავის კაფსულების ექსპორტის ზრდასაც გეგმავს.

კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Meama-ს საოპერაციო შემოსავალი ორჯერ გაიზარდა და მან 12.4 მილიონ ლარს მიაღწია. შემოსავლის მატება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა კომპანია მოგებაზე გასულიყო და Meama-მ წელი 10.3 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. თუმცა, შემცირებულია კომპანიის ზარალი, რადგანაც ის 2022-ში 12 მილიონი იყო. მთლიანობაში კი კომპანიას წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებით აკუმულირებული აქვს 56.9 მილიონი ლარის ზარალი.

Meama-ს შემოსავლები სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

შემოსავალი საცალო რეალიზაციიდან - 8 მილიონი ლარი;

შემოსავალი იურიდიულ პირებზე რეალიზაციიდან - 5.4 მილიონი ლარი;

ექსპორტით რეალიზაცია - 0.6 მილიონი ლარი.

Meama-ს მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, კომპანია ამჟამად აწარმოებს 16 სახეობის ამერიკული და 16 სახეობის ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს. ასევე 9 სხვადასხვა გემოს მქონე ჩაის კაფსულებს და 4 სახეობის ნალექიან ყავას.

Meama-ს პროდუქტებს აღებული აქვს The Food Safety System Certification (FSSC 22000) და Bio organic სერტიფიკატები. ყავის მოყვარულებს Meama გაყიდვის ინოვაციურ არხებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Meama-ს პროდუქცია შეიძინოს მისთვის ყველაზე უფრო მოხერხებულ ადგილას, იქნება ეს კომპანიის ბრენდული სივრცეები, ელექტრონული კომერციის პლატფორმა, ქოლცენტრი, თუ გარე გაყიდვის არხები (Glovo, Wolt, Bolt).

B2B სექტორისთვის Meama-ს ინჟინრებმა შექმნეს თანამედროვე "ვენდინგ" აპარატი - "დროფერი" და "მინი დროფერი". აპარატი მარტივად, აპლიკაციიდან QR კოდის დასკანერებით ან ინტეგრირებული პანელით იმართება. ორივე მოწყობილობა კარგი შეთავაზებაა ბიზნესისთვის და საკმაოდ მოთხოვნადია დიდ თუ მცირე ოფისებში.

Meama-მ შექმნა ე.წ Take Away კონცეფციის სავაჭრო ობიექტი - შვილობილი კომპანია "მეამა ქოლექთი", სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Meama-ს ყავისა და ჩაის გარდა, დააგემოვნოს მათ ბაზაზე შექმნილი ცივი და ცხელი კოქტეილები, სხვადასხვა სახეობის ყავის სასმელები, სმუზები და ტკბილეული. "მეამა ქოლექთი" არის განსხვავებული და დასამახსოვრებელი ვიზუალის მქონე ობიექტი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს უნიკალური გემოს მქონე სასმლის მოყვარულ მომხმარებელში,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, Meama-ს აქტივები 48.6 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 34 მილიონი ლარია. კომპანიის ძირითადი პარტნიორია ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც კომპანია “ბეთლაივის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.