1733738781
რომელ რეგიონებშია სასტუმროების ფასები ყველაზე მაღალი
კვლევითი ორგანიზაცია PMCG საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელშიც უახლესი ტენდენციებია განხილული.
მიმოხილვის თანახმად, საქართველოში 3 198 რეგისტრირებული განთავსების საშუალებაა, თუმცა მათი უმეტესობა მცირე ტევადობის სასტუმროები და საოჯახო სასტუმროებია.
ამავე ცნობით, ტურიზმის ინდუსტრია რჩება საკვანძო ნაწილად საქართველოს ეკონომიკისთვის, 2023 წელს მშპ-ში 7%-იანი მაჩვენებლით. თუმცა მისი წილი მთლიან ბრუნვასა და დამატებით ღირებულებაში ჯერ კიდევ დაბალია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი COVID-19 პანდემიის შემდეგ აღდგა და 2020-იდან 2023 წლამდე ქვეყანაში 238 ახალი სასტუმრო გაიხსნა. 2027 წლისთვის კიდევ 324 ობიექტის გახსნა იგეგმება.
ამავე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ იმ ახალი ობიექტების საწოლების რაოდენობა, რომელთა გახსნა 2024-2027 წლებშია დაგეგმილი, 130%-ით მეტი იქნება 2020-2023 წლებში გახსნილ ობიექტებთან შედარებით. აღნიშნული გაფართოების დიდი ნაწილი თბილისსა და აჭარაზე მოდის, ხოლო სხვა რეგიონები ჩამორჩებიან მათ ინვესტიციების ნაკლებობის გამო.
სასტუმროების ფასები საქართველოში:
სასტუმროების ფასები საქართველოში 2019 წლიდან 2023 წლამდე სტაბილურად გაიზარდა, განსაკუთრებით 3 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისთვის. თბილისში, კახეთსა და აჭარაში ფასები უფრო მაღალია, რადგან ამ რეგიონებში უფრო მაღალი დონის სასტუმროებია, ხოლო იმერეთში და სამეგრელო-ზემო შედარებით სტაბილურად დაბალი ფასებია.
ფინანსური მაჩვენებლები:
სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფინანსური მაჩვენებლები ბოლო წლებში არასტაბილური იყო COVID-19-ის პანდემიის და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მომგებიანობა და ლიკვიდურობა 2021-2022 წლებში გაუმჯობესდა, სექტორი ზედმეტად დამოკიდებულია სესხებზე, რაც გარე ფაქტორების გაუარესების შემთხვევაში, რისკებს ქმნის.