1790490000
10 ქალაქი მსოფლიოში, სადაც ახალ ავტომობილს ყველაზე იაფად იყიდით - რეიტინგი
სინგაპურში ახალი ავტომობილის ფასმა შესაძლოა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ღირებულებასაც კი გადააჭარბოს. ავტომობილი შეიძლება იდენტური იყოს, მაგრამ მის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების საბოლოო ანგარიში - სრულიად განსხვავებული. გადასახადებმა, იმპორტის ხარჯებმა და ფლობის წესებმა შესაძლოა, ერთი და იგივე მარკისა და მოდელის ავტომობილზე, სხვადასხვა ქალაქში, ათობით ათასი აშშ დოლარის ოდენობის ფასთა სხვაობა შექმნას.
გამოცემა Visual Capitalist-ი Deutsche Bank-ისა და Numbeo-ს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელშიც ახალი ავტომობილის ფასები მსოფლიოს მსხვილ ქალაქებშია შედარებული. ფასები ეფუძნება Volkswagen Golf 1.5-ის ან მისი ექვივალენტური ახალი ავტომობილის ღირებულებას.
რატომ ღირს ავტომობილი ასე ძვირი სინგაპურში?
სინგაპურში ავტომობილების განსაკუთრებით მაღალი ფასები ძირითადად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. სინგაპური მკაცრად აკონტროლებს გზებზე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, რაც ამ დროის მონაცემებით, დაახლოებით, 1 მილიონს შეადგენს.
ავტომობილის მყიდველმა ასევე უნდა მოიპოვოს უფლების სერტიფიკატი (Certificate of Entitlement - COE), რომელიც მას 10 წლის განმავლობაში ავტომობილის ფლობისა და გამოყენების უფლებას აძლევს. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში COE-ს საფასურმა 100 000 აშშ დოლარს მიაღწია - უშუალოდ ავტომობილის ღირებულებისა და სხვა გადასახადების დამატებამდე.
ასე რომ, Visual Capitalis-ის თანახმად, 156 200 აშშ დოლარიანი ნიშნულით, სინგაპურში ახალი ავტომობილი თითქმის სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ თელ-ავივში (57 900 აშშ დოლარი). შედარებისთვის, ნიუ-იორკსა და პარიზში ფასი დაახლოებით 35 000 აშშ დოლარს შეადგენს.
სინგაპურის მიღმა, ფასები ბევრად უფრო ვიწრო დიაპაზონშია მოქცეული. თუ რეიტინგს თვალს გადავავლებთ, ისეთი განსხვავებული ქალაქებიც კი, როგორებიცაა ლონდონი, მილანი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ბარსელონა, 35 000-დან 39 000 აშშ დოლარამდე საფასო დიაპაზონში მერყეობს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრების საერთო ღირებულება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ტოპ-10 ქალაქი, სადაც ახალი ავტომობილი ყველაზე ძვირია
უფრო კონკრეტულად, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, 10 ქალაქი, სადაც ახალი ავტომობილის ყიდვა ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
სინგაპური (სინგაპური) - 156 200 აშშ დოლარი;
თელ-ავივი (ისრაელი) - 57 900 აშშ დოლარი;
კოპენჰაგენი (დანია) - 51 300 აშშ დოლარი;
სტამბოლი (თურქეთი) - 49 100 აშშ დოლარი;
ოსლო (ნორვეგია) - 47 000 აშშ დოლარი;
ჰონგ-კონგი (ჰონგ-კონგი) - 44 600 აშშ დოლარი;
ჟენევა (შვეიცარია) - 44 100 აშშ დოლარი;
ამსტერდამი (ნიდერლანდები) - 42 300 აშშ დოლარი;
კუალა-ლუმპური (მალაიზია) - 41 800 აშშ დოლარი;
ბირმინგემი (გაერთიანებული სამეფო) - 40 300 აშშ დოლარი.
ტოპ-10 ქალაქი კი, სადაც ახალი ავტომობილი ყველაზე იაფი, ასეთია:
ვარშავა (პოლონეთი) - 32 000 აშშ დოლარი;
პრაღა (ჩეხეთი) - 32 100 აშშ დოლარი;
ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 32 400 აშშ დოლარი;
ტაიბეი (ტაივანი) - 33 300 აშშ დოლარი;
ბერლინი (გერმანია) - 33 600 აშშ დოლარი;
ფრანკფურტი (გერმანია) - 33 600 აშშ დოლარი;
მიუნხენი (გერმანია) - 33 600 აშშ დოლარი;
JPGსტოკჰოლმი (შვედეთი) - 34 300 აშშ დოლარი;
ლისაბონი (პორტუგალია) - 34 400 აშშ დოლარი;
კაირო (ეგვიპტე) / ერ-რიადი (საუდის არაბეთი) - 34 600 აშშ დოლარი.
საწყისი ფასი მხოლოდ დასაწყისია
ყიდვისას გადახდილი ფასი მხოლოდ ნაწილია იმისა, რისი გადახდაც მძღოლებს საბოლოოდ უწევთ. როგორც პუბლიკაციაშია საუბარი, აშშ-ში ახალი ავტომობილის ფლობა და ექსპლუატაცია წელიწადში საშუალოდ, 12 863 აშშ დოლარი ჯდება, ანუ თვეში დაახლოებით 1 072 აშშ დოლარი.
Visual Capitalist-ის მიხედვით, ავტომობილის ტიპს შეუძლია ეს სხვაობა კიდევ უფრო გაზარდოს.მაგალითად, ნახევარტონიანი პიკაპის ფლობა და ექსპლუატაცია თითო მილზე 1.10 აშშ დოლარი ჯდება, მცირე ზომის სედანის 0.62 აშშ დოლართან შედარებით. წლის განმავლობაში ეს სხვაობა 7 000 აშშ დოლარზე მეტს აღწევს.
ეს მონაცემები აჩვენებს, თუ როგორ ყალიბდება ავტომობილის ხელმისაწვდომობა ორი განსხვავებული ფაქტორით: საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრავს საწყის ფასს, ხოლო ავტომობილის მოდელი მნიშვნელოვნად ცვლის დროთა განმავლობაში მისი ფლობის ხარჯებს.



