საქართველოს ბანკმა და „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ბიზნესი 1683113393
მემორანდუმის გაფორმება

საქართველოს ბანკმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებულმა „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტმა“ (RSMEDP), SME ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

RSMEDP პროექტი Swisscontact-ის (ძირითადი განმახორციელებელი), Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება.

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის პროექტების განხორციელებას და წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და RSMEDP-მ პარტნიორობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც აჭარის და იმერეთის რეგიონებში, მერძევეობისა და მეფუტკრეობის სფეროში დასაქმებული მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას გულისხმობს.

საქართველოს ბანკისა და RSMEDP-ის მეწარმეების ანგარიშგებების მოწესრიგებაში დაეხმარებიან, რაც ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად მოიზიდონ ფინანსური რესურსები სამომავლო განვითარებისთვის. პროექტში თავდაპირველად მონაწილეობას 60 მეწარმე მიიღებს.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით აგრომიმართულებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბანკისა და RSMEDP-ის პარტნიორობა. თანამშრომლობა მეწარმეებს ანგარიშგებების მოწესრიგებასა და შესაბამისად, ბიზნესის განვითარებაში შეუწყობს ხელს. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ აჭარის და იმერეთის რეგიონებისთვის, არამედ მერძევეობისა და მეფუტკრეობის დარგისთვის და ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ანგარიშგებების მოწესრიგება დღემდე გამოწვევად რჩება, რაც აბრკოლებს ბიზნესების კიდევ უფრო გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც ბიზნესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს ოპერირებას და ხელს შეუწყობს მათი სამომავლო საქმიანობის გაფართოებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

„RSMEDP პროექტი მოხარულია საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, მოხდება არაფინანსური სერვისების მიწოდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, მათი ინკლუზიური დაკრედიტების მხარდასაჭერად. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებთან, ინოვაციური სამმხრივი მოდელების პილოტირებისას, რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ისარგებლებს მომსახურების პაკეტით, რომელიც შეესაბამება მათ ბიზნეს საჭიროებებს.

კერძო სექტორთან თანამშრომლობა არის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ძირითადი მიდგომა, ხოლო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია მეწარმეთა ეფექტური მუშაობისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა ხელს შეუწყობს SDC-ს პროგრამის მიზნების განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ორიენტირებულია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესების შემოსავლებისა და დასაქმების ზრდაზე“, - განაცხადა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, რიჩარდ როუზმა.