სოფლის მეურნეობის ყოფილი შენობის შემდეგ, ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანის შვილი გახდება - $64 მილიონიანი გარიგების დეტალები

ბიზნესი 1770796800
ლაგუნა ვერე

თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მფლობელი მაკა ასათიანის შვილი კახი ჟორდანია გახდება.

ბიზნესრეესტრისთვის წარდგენილი განცხადების თანახმად, ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ნეო სითი დეველოპმენტი“ გაიყიდა და „დიემჯი გრუპმა“ იყიდა. აღნიშნული კომპანიის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის კახი ჟორდანიას, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად „ნეო სითი დეველოპმენტს“ 64 მილიონ დოლარად შეიძენს, რომელშიც გამყიდველი კომპანიის სესხების (ჯამში 41.4 მლნ დოლარის) მომსახურებაც შედის.

„დიემჯი გრუპი“ ყოფილი აბრეშუმის ქარხნის და ლაგუნა ვერეს გარდა მომიჯნავე ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის მფლობელიცაა, სადაც თავდაპირველად ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, შემდეგ კი ძვირად ღირებული აპარტამენტების მშენებლობა იგეგმება.

ინფორმაცია ტერიტორიის გასხვისების შესახებ თავდაპირველად მკვლევარმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

"გმირთა მოედანზე ივანიშვილის ყოფილი საკუთრება, აბრეშუმის ფაბრიკა და საცურაო აუზი ლაგუნა ვერე მაკა ასათიანის შვილის, კახი ჟორდანიას საკუთრებაში გადავა.

ივანიშვილმა ეს პროექტი ჯერ კიდევ 2023 წელს გაყიდა, თუმცა აქ მასშტაბური მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მერიისგან მიღების ვალდებულება თავად აიღო თავის თავზე (უცნაური ნაწილი იყო გარიგების) და მისმა კომპანიებმა შეათანხმეს კიდეც ,,ინვესტორის” მაგივრად აქ 153,949 კვ.მ საერთო ფართობის 40 და 52 სართულიანი კოშკების პროექტი.

ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის პროექტის დაანონსების შემდეგ (ეს ჯერ კიდევ აუშენებელი ქარხანა უკვე გაეხვა სკანდალებში) ეს უკვე მეორე მსხვილი დეველოპერული პროექტია, რომელშიც ინვესტორად კახი ჟორდანია ჩნდება. ერთი წლის წინ მან ასევე შეიძინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა), სადაც სახელმწიფომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ანუ სასტუმროს დასრულების ვადა 2027 წლამდე გაუხანგრძლივა", - წერს სოციალურ ქსელში კორუფციის მკვლევარი ირაკლი აბესაძე.

„ლაგუნა ვერე“-სთან ცათამბჯენების მშენებლობისთვის ძველი ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს

ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მიმდებარედ არსებულ 9945 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დემონტაჟზე ნებართვა უკვე გაცემულია. დემონტაჟის შემდეგ ადგილზე ორი ცათამბჯენის და მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მოხდება.

თბილისის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2024 წელს მოხდა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, რაც 52 და 40-სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტით შენარჩუნდება ყოფილი აბრეშუმის ქარხანა, სადაც მულტიფუნქციური კომპლექსი მოეწყობა, ხოლო მის თავზე და მის მიმდებარედ ახალი ცათამბჯენები აშენდება.

თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული ეს ტერიტორია 42 400 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

ისტორიულ შენობაში სასტუმრო Hilton-ის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას 5-ვარსკვლავიანი 200 ნომრიანი სასტუმრო Hilton-ის ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.

სასტუმროს განვითარების ვალდებულება კახი ჟორდანიას კომპანია შპს „გრანატმა“ წლების წინ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო. თუმცა, არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია „გრანატმა“ შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვა უკვე მიიღო, მათ შორისაა, გარე ფასადის და პროექტის ფუნქციური დანიშნულება. შეცვლილი პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსის 75% საცხოვრებელი, ხოლო 25% კომერციული, მათ შორის 7 ნომრიანი სასტუმრო იქნება.

მშენებლობის დასრულების თარიღი 2027 წელია.

ცნობისთვის, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს დიემჯი გრუპს-ის მეწილეები კახი ჟორდანია (75.1%) და ელისაბედ ტრაპაიძე (24.9%) არიან.