"ტერმიტის" პროდუქცია Amazon-ზე განთავსდა

ბიზნესი 1707467042
ტერმიტი

ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტის” პროდუქცია Amazon-ზე განთავსდა.  ამის შესახებ კომპანია "ტერმიტის" დამფუძნებელმა მიხეილ ბერძენიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე Amazon-ზე წარმოებული პროდუქციის დაახლოებით, 30% იყიდება.

"ტერმიტი" ამ ეტაპზე ჩანთებს, ქამრებს, საფულეებს და სხვა პრაქტიკულ აქსესუარებს აწარმოებს. პროდუქციაზე მოთხოვნა არის და Amazon-ი ჩვენი ძირითადი სამუშაო გარემოა.  Amazon-ზე ჩვენ ვყიდით პრაქტიკულ ნივთებს, მათ შორის, ტაფის ასაღებს, მებაღის ჩანთებს და ა.შ. ადგილობრივ წარმოებაში რაც მაქვს - ჩანთები, საფულეები და ქამრები Amazon-ზე აქტუალური არ არის. Amazon-ზე პრაქტიკული ნივთები საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება. წელიწადში სამჯერ ვამზადებთ დიდ შეკვეთებს და ვაგზავნით", - განაცხადა მიხეილ ბერძენიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კომპანია ამერიკული Amazon-ის გარდა, პროდუქტის ექსპორტზე გატანას არ აპირებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - "ტერმიტის" დამფუძნებლის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე არასტაბილური გარემოა და გაყიდვის მიმართულებით არც ერთი პროდუქტი არ დომინირებს.

"სტატისტიკას, რომ გადავხედე გაყიდვის მიმართულებით ვერაფერი დომინირებს განსაკუთრებულად. აქაც, ალბათ, ის პროდუქცია უფრო გაყიდვადია, რაც Amazon-ზე. ზოგადად, ადგილობრივ ბაზარზე სიტუაცია არასტაბილურია. წლები რაც ჩვენთან მუშაობდა ის აღარ მუშაობს და კონკურენტებმა რამდენიმე მაღაზია დახურეს", - აღნიშნა მიხეილ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების ბრენდი “ტერმიტი” რამდენიმე ექსპერიმენტალური იდეის ცდის შედეგად შეიქმნა. ამ ეტაპზე, კომპანია ქალისა და მამაკაცის ტყავის ჩანთებს, საფულეებს, ქამრებს და სხვა აქსესუარებს ამზადებს.

2021 წლიდან „ტერმიტი“ მომხმარებელს ცხენის უნაგირებსაც სთავაზობდა, რომლის სერიული წარმოებაც საქართველოში მანამდე არ არსებობდა, თუმცა, ამჟამად, კომპანიას უნაგირების წარმოება დაპაუზებული აქვს.