„ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლებრივ ჩარჩოებში” - სოსო ფხაკაძე

ბიზნესი 1770791470
სოსო ფხაკაძე

„ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში,”- ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საწვავის ღირებულება დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებსა და ლარის კურსზე. შესაბამისად, როგორც სოსო ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ კომენტარში აღნიშნა, „ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად”.

„თუ რამე შეგვიძლია, მაგას გავაკეთებთ, მაგრამ მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას.

საწვავთან დაკავშირებით ჩვენ მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი, ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ფასებზე და ლარის კურსზე. საერთაშორისო ფასები თუ მიდის ზემოთ, ფასები ძვირდება საწვავზე შიდა ბაზარზე და პირიქით. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციაში ფასებთან დაკავშირებით შეხვედრას, ეს არ იყო დაბარება, ეს იყო შეხვედრა, მე ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით.

ხომ იცით რომ ეს თემა გადავიდა პარლამენტში. მე ვიცი, რომ იქაც იქნება პროფესიული და კონსტრუქციული განხილვები ამ თემასთან დაკავშირებით და რამე გართულებას მე ვერანაირად ვერ ვხედავ. ერთი რამ ვიცი, რომ ბიზნესი არის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული", - ამბობს სოსო ფხაკაძე ტელეკომპანია „პირველთან”.

შეგახსენებთ, რომ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს 30 იანვარს შეხვდა.

მანამდე, კომისიას უკვე ჰქონდა შეხვედრები სააფთიაქო ქსელების და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან; ასევე, ქართველ მწარმოებლებთან, რითეილ სექტორთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.

20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

აღსანიშნავია, ისიც რომ პარლამენტში შეიქმნა ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიამაც, რომლის 1-ელი სამუშაო შეხვედრაც ხვალ არის დაგეგმილი.