აუცილებლად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, რომ არ ვიყოთ ენერგოდამოკიდებული ქვეყანა - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

ჩვენ ნამდვილად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, 2030 წელს და მანამდეც რომ არ აღმოვჩნდეთ ენერგოდამოკიდებულ ქვეყანათა რიცხვში, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, „სხვა გამოსავალი არ გვექნება, გარდა ერთისა  - ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, რაც არავის არ უნდა, ან უნდა მოვახდინოთ ელექტროენერგიის იმპორტი“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4-5 ივლისის საქართველოში ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი გაიმართა. როგორც მაია მელიქიძე ამბობს, გამოფენაზე არა მხოლოდ კლიენტების რაოდენობა იყო 2-3-ჯერ უფრო მეტი, არამედ, რეალურად გაფორმდა ხელშეკრულებები, რომელიც სექტორს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

„ზღვა ინფორმაციის გაზიარება მოხდა ფორუმის ფარგლებში და დაისახა გზები, როგორ უნდა მოვახერხოთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. 2030 წლისთვის საქართველოს  აღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი - ჩვენს მოხმარებაში 27% უნდა იყოს განახლებადი ენერგიის წილი. დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ 19%-ია ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რომ გენერაციის ობიექტების გამრავალფეროვნება და მშენებლობა მოხდეს. ამას ემატება ის, რომ შავი ზღვის კაბელის გაშვება მოხდება 2030 წელს და, შესაბამისად, მოხარულები ვიქნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქტი გავყიდოთ და არ ვიქცეთ ისეთ ქვეყნად, რომელიც მხოლოდ ტრანზიტს მოემსახურება და მეზობელ ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის გატარებას განახორციელებს“, - აცხადებს მაია მელიქიძე.

GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, წლევანდელი ფორუმსა და გამოფენაზე ყველაზე აქტიური მზის მიმართულება იყო, თუმცა ვერც მზე და ვერც ქარი „ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროს. ამიტომ სამივე მსხვილი ჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს“.

„მზის მიმართულება იყო აქტიური და მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში, მაღალი ალბათობით, მზის ენერგია იქნება გააქტიურებული. ამ სამიზნე ნიშნულის მისაღწევად საჭიროა 547 მეგავატი მზის ენერგიის შეშვება და ქარს რაც შეეხება, 730 მეგავატის. ჯერ მხოლოდ ერთი ქარის ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20 მეგავატს აგენერირებს, დანარჩენი ასათვისებელია. საუბარი აღარ მაქვს ჰიდროზე, რომელიც მარეგულირებელ ჰესებს ითვალისწინებს. დავალება საკმაოდ სერიოზული გვაქვს. ახლა უკვე სექტორის წარმომადგენლების მხრიდან არის აუცილებელია ვიაქტიუროთ და სახელმწიფოსთან აქტიური კომუნიკაციით მაქსიმალურად შევამციროთ ის რისკი, რომ რამე პროექტი დარჩეს აუშენებელი.

მართალია მზე და ქარი ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ენერგოწყარო გახლავთ, მაგრამ, ვერავითარ შემთხვევაში მზე და ქარი ვერ ჩაანაცვლებს ჰიდროს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილად უნდა ავაშენოთ სამივე მსხვილი ჰესი, 2030 წელს და მანამდეც რომ არ აღმოვჩნდეთ ენერგოდამოკიდებულ ქვეყანათა რიცხვში. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა  - ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე, ან უნდა მოვახდინოთ ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენ თუ არ გვინდა რომ ვიყოთ ენერგოდამოკიდებული ქვეყანა და ვიყოთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა და ენერგოუსაფრთხოება იყოს დაცული, მაშინ მნიშვნელოვანია ამ ჰესების აშენება“, - აცხადებს მაია მელიქიძე.