სომხეთში ექვსი სასულიერო პირი დააკავეს

მსოფლიო 1760597100
სომხეთი

სომხეთში ექვსი სასულიერო პირი დააკავეს. როგორც ადვოკატი არა ზოგრაბიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი და ამავე ეპარქიის ხუთი ღვთისმსახურია. მანამდე, მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

ასევე, დაკავებულია ეპარქიის რამდენიმე თანამშრომელი სამოქალაქო პირი. არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი სომხეთის კათალიკოსის, გარეგინ მეორის დის შვილია.

მანამდე, არაგაწოტნის ეპარქიის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, არამ ასატრიანმა განაცხადა, რომ 2021 წელს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ყველა აქციაში საპატრიარქოს ზეწოლის ქვეშ მონაწილეობდა და არაგაწოტნის ეპარქიის წინამძღვარი დევნაში დაადანაშაულა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სასულიერო პირების დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებას შეკრებისთვის ხელის შეშლის ან მასში მონაწილეობის იძულების მიზნით.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ დაგმო სასულიერო პირების დაკავება და მომხდარი მთავრობის მხრიდან ეკლესიაზე სისტემურ ზეწოლად შეაფასა.

სომხეთის მთავრობასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობა მიმდინარე წლის ზაფხულში გამწვავდა, რა დროსაც მასობრივი არეულობების წაქეზებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმის ფარგლებში დააკავეს ორი არქიეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი და მიქაელ აჯაპაჰიანი, ასევე სხვა პირები. აჯაპაჰიანს ოქტომბრის დასაწყისში სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.