1766644769
„დღგ-ის ბრალი კი არ არის ფასების ზრდა, არამედ „ოცნების” ხელისუფლების - ჩვენზე დაბალი გადასახადები არა თუ ევროპაში, არამედ რეგიონში არავის აქვს“
„დღგ-ის ბრალი კი არ არის ფასების ზრდა, არამედ „ოცნების” ხელისუფლების - დღგ-ზე აქცენტის გადატანა ამცირებს ხელისუფლების ბრალეულობას“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არასწორად ვუდგებით ფასების ზრდის მიზეზებს და ასევე არასწორ გამოსავალს ვთავაზობთ. თითქოს სურსათის ფასების ზრდის მიზეზი დამატებული ღირებულების გადასახადია და მისი შემცირება შეამცირებს ფასებს, არასწორია. დღგ-ს განაკვეთი ოც წელიწადზე მეტია უცვლელია, მაგრამ ფასები სურსათზე ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.
განსაკუთრებით არასწორია ფასების სიდიდეს შორის განსხვავების ახსნა იმით, რომ ევროპის სუპერმარკეტებში დღგ უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან.
ევროპაში ბიზნესზე საგადასახადო ტვირთი არის მნიშვნელოვნად მძიმე, ვიდრე საქართველოში. ევროპის სუპერმარკეტები იხდიან მოგების მაღალ გადასახადს, ჩვენთან კი თუ არ გაიტან, გადასახადი ნულოვანიც კი შეიძლება იყოს. დიდია იქ ქონების გადასახადიც. რაც მთავარია, ევროპის ქვეყნებში ხელფასის ფონდი წარმოუდგენლად დიდი ოდენობით იბეგრება, იგი 50 პროცენტსაც კი აღწევს, ზოგ ქვეყანაში უფრო მეტიცაა. საქართველოში ხელფასი მხოლოდ 20 პროცენტით იბეგრება, ვინც საპენსიო სქემაშია, დამატებით 2 პროცენტს უხდის.
ევროპის სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ხელფასის თითქმის ნახევარი მიდის ბიუჯეტში ან სოციალურ ფონდებში. ეს უფრო მძიმე წნეხია ბიზნესზე, ვიდრე შედარებით ნაკლები დღგ. საქართველოში დამსაქმებლის სოციალური შენატანი არის ნული(თუ არ ჩავთვლით საპენსიო სქემაში მონაწილეებს), ევროპაში კი 20-30 პროცენტია. დასაქმებულიც ერთ ამდენს იხდის.
მოკლედ, საქართველოში ბიზნესი, მათ შორის ქსელური თუ არაქსელური ვაჭრობის სფეროში, გაცილებით შეღავათიანად იბეგრება, ვიდრე ევროპაში. ფასების ზრდის მიზეზი არაა გადასახადები. ჩვენზე დაბალი გადასახადები არა თუ ევროპაში, არამედ რეგიონში არავის აქვს.
როცა არასწორ არგუმენტებს ვიყენებთ, ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას და საზოგადოების თვალში უფრო კომპეტენტურად წარმოჩენის შესაძლებლობას ვაძლევთ.
დღგ-ბრალი კი არ არის ფასების ზრდა, არამედ “ოცნების” ხელისუფლების. დღგ-ზე აქცენტის გადატანა ამცირებს ხელისუფლების ბრალეულობას.
ქვემოთ, ნახეთ თუ რამდენით იბეგრება ხელფასის ფონდი ევროკავშირის ქვეყნებში. ძარცვაა ფაქტობრივად. ასე იყო ჩვენთანაც “ვარდების რევოლუციამდე”. ის რაც ახლა გვაქვს, სწორედ მაშინ შეიქმნა და არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ჩემი წვლილი ამაში საკმაოდ დიდია“, - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამასთან, კობახიძემ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართა. კობახიძემ კომპანიების მოგების მაღალ მარჟაზეც ისაუბრა. გარდა ამისა, მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
აღსანიშნავია, რომ 24 დეკემბერსვე სურსათის ფასებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ხოლო საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტის თავმჯდომარემ 2026 წელს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაგვიანონსა.



