„დღიური ანაზღაურება 60-დან 100 ლარამდეა, იმის მიხედვით თუ რა საქმის შესრულება უწევს მუშას“

რთველი

„რაჭაში რთველი დასრულდა. ძალიან კარგი მოსავალი მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „პატარიძის რაჭულის“ დამფუძნებელმა შორენა პატარიძემ განაცხადა.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, წელს რაჭაში უკეთესი ხარისხიანი მოსავალი მოვიდა. პატარიძის თქმით, ჯამურად 20 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული გადაამუშავა.

მან იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც რეგიონში აქვთ მევენახე ფერმერებს და აღნიშნა რომ ძირითადი პრობლემა მუშახელის დეფიციტია.

„მევენახეობის კუთხით რაჭაში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, გვაქვს მუშახელის პრობლემა. დღიური ანაზღაურება არის 60-დან 100 ლარამდე და დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა საქმის შესრულება უწევს მუშას“, - აღნიშნავს მეწარმე.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს 7 ოქტომბრის მონაცემების თანახმად, საქართველოში წელს 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე - კახეთის, 1,7 ათას ტონამდე - რაჭის, 304 ტონა - ლეჩხუმის, ხოლო დანარჩენი, საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა. რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.