გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაიაფდა - ფასებმა იკლო საქართველოშიც

ოქრო

მსოფლიო ბირჟებზე რამდენიმე დღიანი მკვეთრი ზრდის შემდეგ, დღეს ოქროზე ფასები შემცირდა. Forbes-ის ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ოქრო 5%-ზე მეტით გაიაფდა, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. თბილისის დროით 16:45 საათისთვის 1 უნცია ოქრო 4 015 დოლარი ღირს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ მისი ფასი 4 300 დოლარს აჭარბებდა.

გაიაფდა ვერცხლიც. თუ ერთი უნცია ვერცხლი გუშინ 51.19 დოლარი ღირდა, ამჟამად მისი ფასი 48.05 დოლარია.

გლობალური ბაზარი ყოველთვის პირდაპირ მოქმედებს ქართულ ბაზარზეც, შესაბამისად, ძვირფასი ლითონი გაიაფდა საქართველოშიც.

კერძოდ კი, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო, ანუ ე.წ. ბაჯაღლო 374 ლარი ღირს, როცა გუშინ 385 ლარი ღირდა. 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 280 ლარია (გუშინ - 288 ლარი); ხოლო 585 სინჯის ოქროს 218 ლარად იყიდით (გუშინ - 225 ლარი).

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის ერთი უნცია ვერცხლი 3.66 ლარი ღირს (გუშინ - 3.79 ლარი), ხოლო 999 სინჯის 1 უნცია ვერცხლს 4.57 ლარად შეიძენთ (გუშინ 4.79 ლარი).