„გოდერძიზე“ მიმდინარე 29 პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾250 მილიონს აღემატება - აჭარის მთავრობა

კურორტი გოდერძი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სტაბილურობისა და უწყვეტი მშვიდობის პირობებში 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაა მოსალოდნელი. ამის შესახებ სულხან თამაზაშვილმა უმაღლეს საბჭოში 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბარა.

სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, აჭარაში ეკონომიკის ყველა სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, აჭარაში ბიზნესსექტორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21%-ით აღემატება.

აქტიურად მიმდინარეობს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ამ დროისთვის კურორტ "გოდერძიზე" 29 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 250 მილიონ ლარს აღემატება. შედეგად, კურორტს დამატებით 1500 ახალი სამუშაო ადგილი და 1000 განთავსების ადგილი ექნება. დაგეგმილია ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია და ჩირუხის მთის ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რეგიონში აქტიურად გრძელდება სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ, 39 სოფლის 37 800 მოსახლე თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი აირით აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 27 100 აბონენტი ისარგებლებს. ქობულეთში ნარჩენების მართვის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ეს იქნება საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი.მიმდინარეობს "ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, დამატებით, 1077 ბინა, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის წარდგენილ ანგარიშში.