„ხელფასი ფასებს ვერ ეწევა“ - როგორ გავიტანოთ თავი თვიდან თვემდე

ხელფასი

ოფიციალური სტატისტიკა VS რეალობა - ქვეყანაში საშუალო ხელფასის მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, თუმცა, თითოეული მოქალაქის საფიქრალი მაინც ის არის თუ როგორ გაიტანოს თავი თვიდან თვემდე ამ ხელფასით. მით უმეტეს იმის ფონზე, როცა საკვები პროდუქტები უფრო და უფრო ძვირდება, რაც პირდაპირ უკავშირდება მოქალაქეთა სოციალურ ყოფას.

თუ ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, 5 წელში 18.9%, ხოლო 10 წელში - 54.6%, თუმცა, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, რეალობა ბევრად მძიმეა. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა დაბალ ან საშუალოშემოსავლიანია, ინფლაციის მაჩვენებელი მათთვის გაცილებით მაღალია. ასე მაგალითად, თუ საქართველოს პირობებში სამომხმარებლო კალათის 30%-ს სასურსათო პროდუქტები წარმოადგენს, რაც უფრო ნაკლები აქვს ადამიანს შემოსავალი, მით მეტი თანხა სჭირდება 3-ჯერ გაძვირებული პროდუქტების შესაძენად.

რაც შეეხება ხელფასებს ბოლო მონაცემებით, 2025 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი 2 212 ლარით განისაზღვრა, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო მედიანურ ხელფასთან ანუ იმ ანაზღაურებასთან, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა დაახლოებით, 30%-ის ფარგლებშია.

ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებს ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და უმეტეს შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების - 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი - 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.

„ბიზნესპრესნიუსი“ „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა - თუ რატომ ვერ ეწევა ქვეყანაში არსებული რეალური ხელფასები ფასებს და რა არის გამოსავალი ამ ვითარებაში.

„როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ინფლაციას ჩვენ ვითვლით კალათით, რომელშიც შედის სხვადასხვა პროდუქტი, დაწყებული ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან, გაგრძელებული საკვები პროდუქტებით, სატრანსპორტო ხარჯებით და ა.შ. თუმცა, ჩვენთან ძირითადად შეინიშნება ხოლმე აგფლაცია, ეს არის საკვები პროდუქტების გაძვირება, რომელიც პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ადამიანების სოციალურ ყოფას. დავუშვათ, თუ სადღაც, რომელიღაც ბრენდის მაცივარი გაიაფდა, მაგრამ პარალელურად გაძვირდა კარტოფილი ან პური, ეს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის არანაირ შვებას არ წარმოადგენს. პირიქით, აუარესებს მათ მდგომარეობას. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ ინფლაციას არა მთლიან რიცხვებში, როგორც ქვეყნდება ხოლმე, არამედ უნდა დავითვალოთ აგფლაცია, რადგან ჩვენთან მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობა წარმოადგენს დაბალ ან საშუალოშემოსავლიან შინამეურნეობას.

რაც შეეხება ხელფასებს, რა თქმა უნდა, ხელფასი იზრდება. თუმცა, აქაც, სამწუხაროდ, საჯაროდ გამოგვაქვს საშუალო ხელფასის ზრდა და შეიძლება, საშუალო ხელფასის ზრდა გარკვეულწილად მისდევდეს საერთო ინფლაციის მაჩვენებელს (როგორც დღეს ითვლიან), მაგრამ არა აგფლაციას. აგფლაციას რომ შევადაროთ, საშუალო ხელფასის მატებაც ვერ დაეწეოდა მას. კიდევ არის მეორე მომენტი, ერთია საშუალო ხელფასი და მეორე მედიანური ხელფასი. თუ დააკვირდებით, მედიანური ხელფასი (ხელფასის ოდენობა, რომელიც აქვს მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილს) არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საშუალო ხელფასი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ნაპრალი, ყოველწლიურად გაიზრდება, რაც კიდევ უფრო გააუარესებს შინამეურნეობების სოციალურ მდგომარეობას“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

როდესაც ხელფასებზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე წელია, საჯარო სექტორში დასაქმებულებს, ყოველწლიურად 10%-ით ეზრდებათ ანაზღაურება. რაც შეეხება კერძო სექტორს, დაბალი ხელფასების პრობლემა აქ უფრო მწვავედ დგას. ეს კი იმის ფონზე, როცა ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ, ბიზნესი მუდმივად საუბრობს კადრების, მათ შორის კვალიფიციური კადრების დეფიციტზე... დასაქმებული სამსახურს და ბევრ შემთხვევაში ქვეყანასაც უკეთესი ცხოვრების მიზნით ტოვებს, გამოდის რომ დამსაქმებელს არ უღირს მის შესანარჩუნებლად უკეთესი ანაზღაურებისა თუ სხვა პირობების შეთავაზება. სპეციალისტების შეფასებით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ქვეყანაში უმუშევრობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება, შესაბამისად, დამსაქმებელმა იცის რომ დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე კადრის მოძიება არ გაუჭირდება და არჩევანს ისევ იაფ მუშახელზე აკეთებს.

როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, კერძო სექტორში ხელფასები მოთხოვნა/მიწოდების პრინციპს ეფუძნება, ბიზნესს კი არანაირი წნეხი არ აქვს, რომ ხელფასი გაზარდოს.

"ეს წნეხი უნდა მოდიოდეს იქიდან, რომ უმუშევრობა უნდა იყოს ძალიან დაბალი და სწორედ ამ მიზეზით უნდა უჭირდეს მას თანამშრომლების მოძებნა. მოგების ის მარჟა, რომელიც ბიზნესს აქვს, არ უბიძგებს, რომ ხელფასები გაზარდოს. სანამ უმუშევრობა იქნება მაღალი და არ დავაწესებთ რეალურ მინიმალურ ხელფასს, ანაზღაურება დაექვემდებარება მხოლოდ საბაზრო ლოგიკას, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი არ გაზრდის ხელფასს, რადგან მას შეუძლია მაინც იპოვოს მისთვის საჭირო კადრი იაფად. ამისთვის არის მინიმალური ხელფასი, რომელიც თუ დაწესდება უნდა იყოს დარგობრივი. ანუ ჯერ უნდა დაწესდეს ერთი სტანდარტული სახელმწიფო მინიმალური ხელფასი და შემდეგ უკვე დარგების დონეზე მოხდეს კონკრეტული ოდენობის განსაზღვრა,"- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, რეალური მინიმალური ხელფასის დაწესება, კადრების შენარჩუნებას დაეხმარება, თუმცა აქ გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. კერძოდ:

„ერთია, როდესაც ადამიანები გარბიან, რადგან ხელფასებია დაბალი, მაგრამ მეორე პრობლემა არის სტრუქტურული უმუშევრობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ცოდნა, რომელიც გროვდება განათლების საფუძველზე და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა, ერთმანეთთან თანხვედრაში თითქმის არ არის. როდესაც შრომის ბაზრის კვლევა კეთდება, ჩვენ ვსწავლობთ არსებულ ბიზნესს ვინ და რა სჭირდება. ამ დროს, ჩვენს ბიზნესს რომ გადავხედოთ, ეს არის ძირითადად დაბალტექნოლოგიური მიმართულებები, რომლებიც მაღალ დამატებით ღირებულებას ვერ ქმნიან, შესაბამისად, აქ ხელფასებიც დაბალია. სახელმწიფოს პოლიტიკა რომ იყოს კონკრეტული დარგების განვითარება, რომლითაც მაღალი დამატებითი ღირებულება შეიქმნებოდა, ხელფასებიც იქნებოდა მაღალი. შესაბამისად, კვლევის მეთოდოლოგიაც შეიცვლებოდა - ის იმაზე კი არ იქნებოდა ორიენტირებული ახლა ვინ სჭირდება ბიზნესს, არამედ იმაზე თუ რა დასჭირდება ბიზნესს მომდევნო 2 ან 4 წელიწადში. შესაბამისად, სახელმწიფო იქნებოდა იმ კონკრეტული სპეციალობების განვითარებაზე ორიენტირებული. დღეს ყველაფერი ბაზარს არის მინდობილი. არადა, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ დაგენერირდეს ის ცოდნა, რომელიც ეკონომიკას გამოადგება. რა თქმა უნდა, კადრები არ გვეყოლება იმიტომ, რომ უამრავი პირი მენეჯმენტის და მარკეტინგის სპეციალისტია, რაც ვერ განავითარებს ბიზნესს. ბიზნესს განავითარებს ინჟინერი, ტექნოლოგი და ა.შ. ჩვენთან არ არის ორგანიზებული ჯგუფები, მაგალითად მშრომელები, რომელსაც ეყოლებოდათ წარმომადგენლები დარგების მიხედვით, მეორე - ადამიანები, ვისაც ექნებოდა სხვადასხვა დარგის ბიზნესის ლეგიტიმაცია და მესამე სახელმწიფო. ეს სამი მხარე უნდა საუბრობდეს არა იმაზე, დღეს ვინმეს მიმტანი სჭირდება თუ არა, არამედ ხვალ/ზეგ, რომელ ეკონომიკურ სექტორებში იქნებოდა ზრდა და რა მიმართულებით დასჭირდებოდათ კადრები. შემდეგ უკვე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ კადრების გენერირებაზე. მანამდე, წუწუნი, რომ კადრები არ არსებობს და ა.შ. ეს არის სრული აბსურდი,“ - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.