1758190780
„ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით - შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა“ – „ზარაფხანა“

„გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად ისახება ხოლმე, განსაკუთრებით იმპორტიორებთან მიმართებაში; დაახლოებით 7-8% შეადგინა ფასის მატებამ“, - ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც მანვე განმარტა, „ზარაფხანას“ ოქროს შესყიდვა გაუძვირდა, თუმცა ამ ეტაპისთვის კომპანია ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდას არ გეგმავს.
„შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა, თუმცა ჯერჯერობით ფასების ზრდას არ ვაპირებთ - დავაკვირდებით ოქროს ფასის დინამიკას. როგორც ვიცი, ბევრმა ადგილობრივმა ბიზნესმა, რომელიც დაკავებულია იმპორტით, ფასები გაზარდა, თუმცა „ზარაფხანა“ ფასების ზრდას არ აპირებს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს, იმ მომენტამდე, სანამ იძულებულები არ ვიქნებით, რომ ფასი გავზარდოთ. ოქრო საკმაოდ გაძვირებულია და ჩვენთვის როგორც მწარმოებლისთვის, არასახარბიელო სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მომხმარებელს არ უყვარს ფასების ზრდა, ჩვენც ვცდილობთ რომ მათი ინტერესები გავატაროთ“, - აღნიშნავს სამხარაძე.
რაც შეეხება მოთხოვნას, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის სტაბილურია.
მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მარხვის პერიოდი დასრულდა და ახალი წლები ახლოვდება, ოქროზე მოთხოვნა ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.
„მოთხოვნა ოქროს ნაწარმზე ქართულ ბაზარზე ყოველთვის ნარჩუნდება. ამას ემატება ის, რომ ფაქტობრივად დეკემბრამდე მარხვა არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ქორწილები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნას წარმოშობს, ეს კი გაყიდვების ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. დეკემბრიდან კი საახალწლო პერიოდი იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სამხარაძე.
ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით, 15:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 666 დოლარით განისაზღვრება. Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.6%-ით გაიაფდა, თუმცა გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 10%-იან მატებას აჩვენებს.