„ლარის ასეთი გამყარება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის უმძიმესია“ - ირაკლი იაშვილი

„ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელი ირაკლი იაშვილი

ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის.

რა გავლენას მოახდენს კურსის გამყარება ექსპორტიორ კომპანიებზე, ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ისთ გეით ჯგუფის“ დამფუძნებელმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის ასეთი გამყარება ქართველი ექსპორტიორებისთვის, მათ შორის მისი კომპანიისთვის უმძიმესია.

„ლარის ასეთი გამყარება ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის უმძიმესია, კურსთა სხვაობა ყოველ დღე გვირტყამს. რაც შეეხება იმპორტს, პირიქით სავარაუდოდ სამომხმარებლო ფასებსაც დაწევს. ეროვნული ვალუტის გამყარება ადგილობრივ მრეწველობას და ექსპორტის გაზრდას ხელს არ უწყობს და ამ თვალსაზრისით ეს ცუდია, ლარის გამყარება ხელს უწყობს იმპორტს, გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაცია მაღალია. ამ ეტაპზე ლარის გამყარება ინფლაციაზე დადებით გავლენას მოხდეს და იმპორტირებულ პროდუქტზე ფასებს შეამცირებს, რადგან ნაკლები ლარი იქნება საჭირო იგივე პროდუქტის შესაძენად“, - ამბობს ირაკლი იაშვილი.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში აქტიურად მყარდება და 2.60-იან ნიშნულს რამდენჯერმე ჩამოსცდა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.