„მცხეთობა“ 401 910 ლარი დაჯდება - მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

მცხეთობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია „მცხეთობის“ გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისთვის 401 910 ლარს დახარჯავს.

მომსახურების შესასყიდად მერიამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ტენდერის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ელექტრონული ტენდერი არ შედგა.

„ვინაიდან მცხეთობის დღესასწაული 14 ოქტომბერსაა, ვერანაირად ვერ ესწრება განმეორებით ელექტრონული ტენდერის პროცედურების განხორციელება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისათვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მცხეთობისთვის გასართობი მომსახურებების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 23 სექტემბერს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 1-ელ ოქტომბერს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. ამ შემთხვევაშიც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 401 910 ლარს შეადგენდა.

შესყიდვების ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა - შპს კონსიერჟ თბილისი, რომლის შეთავაზებული თანხაც ზუსტად 401 910 ლარს შეადგენდა. თუმცა სატენდერო კომისიამ აღნიშნული კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა და მიზეზად ის დაასახელა, რომ კონსიერჟ თბილისმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ფასების ცხრილი არ წარადგინა.