ოქროს ფასი 2 700 დოლარს უახლოვდება - როგორია ვერცხლის ღირებულება

ოქრო

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასმა მორიგი რეკორდული ნიშნული გადალახა. თბილისის დროით 14:20 საათისთვის ერთი უნციის ღირებულებამ 2 685 დოლარს გადააჭარბა, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 4.49%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 37.07%-ით მოიმატა. ამ გზით, ძვირფასი მეტალის ფასის საპროგნოზო 2 700 დოლარამდე შესრულებას სულ ცოტა უკლია.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, Comex-ის ბირჟაზე ერთი უნცია 2 630 დოლარად ივაჭრებოდა.

ამასთან, ერთთვიან ინტერვალში 5.19%-ით გაძვირდა ვერცხლის ღირებულება და ამ დროისთვის ერთი უნცია 31.66 დოლარად ივაჭრება. წლიურად ვერცხლის ფასი 38.66%-ით არის მომატებული.

აღსანიშნავია, რომ ოქროზე ფასის ზრდა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც სექტემბრის მიწურულს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ - FED, რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შეამცირა. მანამდე ტრეიდერები პროგნოზირებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფედრეზერვი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებდა, ის ოქროს მხარდაჭერას გამოიწვევდა, რაც რეალურად მოხდა კიდეც. ოქროში ინვესტიციების ზრდის ძლიერი არგუმენტებია, ასევე, მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური შეშფოთება, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და საფონდო ბირჟის ცვალებადობა-არამდგრადობის სავარაუდო ზრდა. მაშინ გამოითქვა პროგნოზი, რომ ოქროს ფასი 2 700 დოლარამდეც კი გაიზრდებოდა.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასს კი, როგორც წესი, მოთხოვნა-მიწოდება ადგენს. ძირითადად, ოქროს ცენტრალური ბანკები, კერძო ინვესტორები და იუველირები ყიდულობენ. ცენტრალურმა ბანკებმა კი 2024 წლის პირველ ნახევარში 483 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ეს 5%-ით აღემატება 2023 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულ რეკორდს - 460 ტონას.