1734604471
„ოქროს ფასმა სექტემბერში ახალი რეკორდი დაამყარა“ - რა არის გაძვირების მიზეზი
2024 წლის სექტემბერში ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის თანახმად, ძვირფასმა მეტალმა სექტემბრის ოთხივე კვირაში შეძლო ახალი რეკორდის დამყარება, რაც საპროცენტო განაკვეთების კლების, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და ინდური მოთხოვნის შედეგი იყო.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ოქროს ფასი ზრდას განაგრძობდა. ახლა როცა კლების ციკლი დაიწყო, ძვირფასმა მეტალმა ფასის ზრდის ახალი ფაქტორი შეიძინა. აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა სექტემბერში განაკვეთები 50 ბპს-ით შეამცირა. მოგვიანებით, აშშ-ს მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ყველაზე დიდი შემცირება აჩვენა, რაც ფედერალური რეზერვის მხრიდან ახალი შემცირებების წინაპირობა შეიძლება იყოს. ტრეიდერები წლის ბოლომდე აშშ-ს განაკვეთების 75 ბპს-ით კლებას ელიან, რაც კიდევ ერთ 50 ბპს და ერთ 25 ბპს-იან კლებებს ნიშნავს.
დამატებით, ევროპის ცენტრალური ბანკიც განაგრძობს კლების ციკლს და სექტემბერში განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით (ბპს-ით) შეამცირა. მსხვილ ეკონომიკებში კლებადი განაკვეთები ოქროს ფასისთვის დადებითია, ვინაიდან ის მეტად კონკურენტული ხდება დაბალგანაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებთან. შესაბამისად, სექტემბრის ბოლოს ინვესტორების ოქროს ყიდვის პოზიციები 4-წლიან მაქსიმუმამდე გაიზარდა,“ - აღნიშნულია ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, მაღალი განაკვეთების პირობებში ოქროს ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი არსებული გეოპოლიტიკური რისკები იყო.
„ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ბოლო განვითარებამ ნაკლებად რისკიან აქტივებში (მათ შორის ოქროში) ინვესტიციები გაზარდა. შესაძლო დამატებითი ესკალაციების, აშშ-ში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების და სხვა არსებული რისკების ფონზე ოქროს ფასი, სავარაუდოდ მატებას განაგრძობს.
ოქროს ინდური მოთხოვნა მეტად სამომხმარებლო ხასიათით გამოირჩევა, ვიდრე საინვესტიციო. შესაბამისად, წლის განმავლობაში ფასის უწყვეტი ზრდა ქვეყნის მოთხოვნას ამცირებდა. თუმცა, ივლისის ბოლოს მთავრობამ ოქროს იმპორტზე გადასახადი 9 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ეს ოქროს იმპორტის ზრდაში მალევე აისახა და აგვისტოში იმპორტირებული ოქროს ღირებულებამ რეკორდული 10.1 მლრდ დოლარი შეადგინა. მაღალი მოთხოვნის შენარჩუნება თებერვლამდეა მოსალოდნელი, ვინაიდან სექტემბერი-თებერვალი ინდოეთში ქორწილებისა და ფესტივალების სეზონია, რაც დივალის ფესტივალით იწყება“, - ვკითხულობთ მიმოხილვაში.