რა ღირს ოქრო და ვერცხლი? – „ერთწლიანი გაძვირების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე სტაბილური ფასი ნარჩუნდება“

ოქრო და ვერცხლი

თითქმის ერთწლიანი მუდმივი გაძვირების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე ოქრო სტაბილურ ფასს ინარჩუნებს.

მას შემდეგ, რაც ძვირფასი მეტალის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1 უნციის ღირებულებამ 4 300 დოლარს გადააჭარბა, ამჟამად ოქრო 4 ათასი დოლარის ფარგლებში ღირს.

გაიაფდა ვერცხლიც. ერთი უნცია ვერცხლი ერთი კვირის წინ დაახლოებით 51 დოლარი ღირდა, ამჟამად კი, მისი ფასი 48 დოლარია.

რაც შეეხება ფასებს საქართველოში, ოქროსა და ვერცხლის ფასმა აქაც დაიკლო. კერძოდ, 1 გრამი 999 სინჯის ანუ ე.წ. ბაჯაღლო ოქრო 370 ლარი ღირს, როცა ერთი კვირის წინ 375 ლარი ღირდა. 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 270 ლარია (ერთი კვირის წინ - 280 ლარი იყო); ხოლო 585 სინჯის ოქროს ფასი დღეის მდგომარეობით, 216 ლარს შეადგენს (ერთი კვირის წინ - 218 ლარი ღირდა).

რაც შეეხება ვერცხლს, საქართველოში 800 სინჯის ერთი გრამი ვერცხლი დღეს 3.53 ლარი ღირს (ერთი კვირის წინ - 3.66 ლარი იყო), ხოლო 999 სინჯის 1 გრამი ვერცხლის ფასი 4.49 ლარია (ერთი კვირის წინ 4.53 ლარი იყო).

ცნობისთვის, ბოლო1 წლის განმავლობაში ოქროს ფასი გლობალურ ბირჟებზე მუდმივად იზრდებოდა. კერძოდ, ფასის მატება დაიწყო გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც 1 უნცია 2 800 დოლარი ღირდა, რამდენიმე კვირის წინ კი 1 უნციის ფასმა 4 400 დოლარსაც მიაღწია.

რაც შეეხება ვერცხლის ფასს, გასულ წელს ამ დროს 1 უნციის ფასი 35 დოლარი იყო, ეს ფასი ნარჩუნდებოდა 2025 წლის ივნისამდე, ივნისიდან კი ვერცხლის ღირებულება ყოველთვიურად მატულობდა. მაგალითად, ივლისში 1 უნცია ვერცხლი 40 დოლარამდე გაძვირდა, ამის შემდეგ ფასი მუდმივად იზრდებოდა და თავის მაქსიმუმს ოქტომბრის დასაწყისში მიაღწია, როცა 1 უნცია 55 დოლარი გახდა.

bpn.ge