რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი დღეიდან 20%-ით მცირდება

ზეთი

რუსული მზესუმზირას ზეთზე საექსპორტო გადასახადი მაისში 19,8%-ით ნაკლები იქნება. გადასახადი უკვე მეორე თვეა, მცირდება და ტონაზე 1122.2 რუბლი (14 დოლარი) გახდება, მაშინ, როცა აპრილში 1398.9 რუბლს (17,5 დოლარს) შეადგენდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსულ შროტზე, პირიქით, საექსპორტო გადასახადი ტონაზე აპრილის 4777.6 რუბლიდან 6577.7 რუბლამდე (60-იდან 82 დოლარამდე) იზრდება. წინა თვის მსგავსად, მაისში გადასახადი 1,4-ჯერ გაიზარდა. ზოგადად, შროტზე საექსპორტო გადასახადი 2022 წლის დეკემბრიდან მუდმივად იზრდება.

საორიენტაციო ფასებმა, რომლის საფუძველზეც გადასახადი გამოითვალა ტონა ზეთზე 1030.7 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი თვის წინ 1100.1 დოლარი იყო, ტონა შროტზე კი წინა 269.5 დოლარი ამჟამად 285.2 დოლარმა ჩაანაცვლა. 

ცნობისთვის, რუსული მზესუმზირას ზეთის საექსპორტო გადასახადი ზედიზედ ხუთი თვის ნულოვანი მაჩვენებლიდან მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ისევ გაიზარდა. მანამდე ზეთზე არანულოვანი საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბერში მოქმედებდა.

საექსპორტო გადასახადი საორიენტაციო და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს. რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, საბაზისო ფასი ტონა მზესუმზირას ზეთზე, 1 000 დოლარის ნაცვლად, 82 500 რუბლი (1,028 დოლარი), ტონა შროტზე კი, 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლია (173 დოლარია).

რუსეთში 2021 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირას ზეთზე, ხოლო 1-ელი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. გასული წლის ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირას ზეთის, შროტისა და მზესუმზირას მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.