საბაჟოზე საქონლის შემოტანისა და გაფორმების წესებში ცვლილებებია

საბაჟო

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების წესებში ცვლილებებია.

კერძოდ, ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც, 6 თვეზე მეტი ხნით იმყოფებოდა უცხოეთში, საქართველოში შემოსვლის შემდეგ, მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიუთითოს საბაჟო დეკლარაციაში.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, საქონელი უნდა შემოვიდეს 90 დღის განმავლობაში.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს, რომ საქონელი გამოგზავნილია პირის უცხოეთში ყოფნის პერიოდში.

„უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ), მის მიერ შემოსატან საქონელზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება, უნდა განაცხადოს ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი გამოგზავნილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლამდე, რაც დადასტურდება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში;

მის შემოსვლამდე შემოტანილ საქონელზე საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დადასტურდეს, რომ საქონელი გამოგზავნილია მის სახელზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის შემოსვლამდე, მაგრამ ამ პირის უცხოეთში 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ“,- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება 2024 წლის 26 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.