1766217780
საქართველოში წელს 2.595 მლნ დოლარის ღირებულების პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი წლიურად 28%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 11-თვეში საქართველოში იმპორტირებულია 2.595 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში კი 3.634 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ პიროტექნიკა 4 ქვეყნიდან შეიძინა, აქედან ყველაზე დიდი წილი - 84% ბულგარეთზე მოდიოდა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში პიროტექნიკის იმპორტი შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა:
- ბულგარეთი - 2 177 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;
- მონტენეგრო - 309.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
- ჩინეთი - 102.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;
- თურქეთი - 6.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა,
უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, იწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება, ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას განაპირობებს.
გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენების შემთხვევაში ჯარიმა 2 ათასი ლარია.



