სასტუმრო მომსახურების ბიზნესი იზრდება

sastumro-seqtori

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს სასტუმრო მომსახურების სექტორში მომუშავე ეკონომიკური სუბიექტების 54.5%, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიხედვით, ინდმეწარმე იყო. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სექტორში 24.6%-ით მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის ობიექტი მუშაობდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოცემულ პერიოდში სასტუმრო მომსახურებას ახორციელებდა 2 162 ეკონომიკური სუბიექტი, რომელიც  2 213 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას ფლობდა.

საქსტატის ინფორმაციით, ამ დაწესებულებების მხოლოდ 0.3% იყო სახელმწიფო საკუთრებაში, დანარჩენი 99.7%-ს კერძო მფლობელი ჰყავდა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, იმ სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი, რომელიც 2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა, 3 195.4 ათასი კვადრატული მეტრი იყო - 20.9%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს იყო. ამავე პერიოდში, 12.8%-ით იყო გაზრდილი ნომრების საერთო საცხოვრებელი ფართობი და ის 1 489.5 ათას კვადრატულ მეტრს უტოლდებოდა. 6.3 პროცენტით - 45.8 ათასამდე გაიზარდა სექტორში ნომრების საერთო რაოდენობა. რაც შეეხება ადგილების მთლიან მაჩვენებელს, 2022 წელს ის 97.8 ათასი იყო, 11.4 პროცენტით მეტი, ვიდრე 2021 წელს. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სასტუმრო მომსახურების სექტორი საქართველოში 4.9 მილიონ ადამიანს მოემსახურა, 2021 წელთან შედარებით, 61.9%-ით მეტს. აქედან 60.5% უცხოელი იყო, კერძოდ: 16.4% (488.9 ათასი) - ისრაელიდან (4.3-ჯერ მეტი, ვიდრე 2021-ში); 6.2% - ევროკავშირიდან (გერმანია - 29.4%, პოლონეთი - 28.0%). კვლევის მიხედვით, 2022 წელს უცხოელები საქართველოს, ძირითადად, რეკრეაციისა და დასვენებისთვის სტუმრობდნენ (საერთო რაოდენობის 72.1%), ძირითადად, ისრაელიდან (18.8%) და რუსეთიდან (14.5).

კვლევის მიხედვით, მოცემულ პერიოდში სასტუმრო მომსახურების სექტორში 23 259 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი 56.4% ქალი იყო.