შეიძლება, რამდენიმე საათში ჩამოიშალოს ეკონომიკა - ლაშა პაპაშვილი

ლაშა პაპაშვილი

შეიძლება, რამდენიმე საათში ჩამოიშალოს ეკონომიკა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა ბიზნესს ასოციაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სანქციების მიზეზი ბევრად ღრმა და გლობალური პოლიტიკური პროცესია, ვიდრე ხელისუფლების მიერ მიღებული "რუსული კანონი".

"ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიდის, თუნდაც იმ კანონით. რა თქმა უნდა ეს პროცესი არ უნდა გაღრმავდეს, მაგრამ პოლიტიკური რყევების გამო მგონია [სანქცირება] მე პირადად და არა კონკრეტულად ერთი კანონი გარდამტეხი ვერ იქნება.

ეს [რუსული კანონზე რეაგირება] არის საბაბი და არა მიზეზი. ღრმა პოლიტიკური პროცესებია მიზეზი", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, ეს პროცესი ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე ძალიან ცუდად აისახება.

" ხომ ვნახეთ უკვე როგორც აისახა 3 თვის წინ? რამდენიმე დღეში ლარის დევალვაცია 15% იყო. ძალიან რთულად აისახება. შეიძლება, რამდენიმე საათში ჩამოიშალოს ეკონომიკა. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - ამბობს პაპაშვილი.

bm.ge-ის კითხვაზე, რა არის მისი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, ბიზნესმენი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს.

"უნდა იმოქმედონ. როცა ვინმე გასანქცირებს და ჩიხში ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არ დაგასანქცირონ", - განაცხადა პაპაშვილმა.