საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის ნიორი იყიდა - საიდან და რა ფასად შემოდის პროდუქტი, რომელიც 46%-ით გაძვირდა

ნიორი

საქართველომ, 2024 წლის 11 თვეში 2.769 მლნ აშშ დოლარის (2 575 ტონა ) ნიორი იყიდა. რაც თანხობრივად 124%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო რაოდენობრივად 43%-ით. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1.235 მლნ აშშ დოლარის (1 797 ტონა ) პროდუქტი შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში, წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ნიორი მეორე ადგილს იკავებს. პროდუქტის ფასი გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 46.27%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს იანვარ-ნოემბერში 1 კგ იმპორტირებული პროდუქტის საშუალო ღირებულება 1.07 დოლარი იყო, ხოლო წინა წლის იგივე პერიოდში, დაახლოებით 68 ცენტი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 2024 წლის 11 თვეში, პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიდა, იმპორტიორებს შორის ლიდერი ჩინეთია, რომელზეც მთლიანი ნივრის იმპორტის 45% მოდის.

უფრო კონკრეტულად:

  • ჩინეთი - 1 152 ტონა (1.350 მლნ აშშ დოლარი)
  • ყაზახეთი - 904.6 ტონა (1.017 მლნ აშშ დოლარი)
  • ირანი - 343.7 ტონა (222.9 ათასი აშშ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 109.5 ტონა (142 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 65.33 ტონა (36.7 ათასი აშშ დოლარი)

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.