1782797972
„თუ შარშან 100 ლარად ვსადილობდით რესტორანში, წელს 115-120 ლარი ღირს - მიზეზი ფასების ზრდა და რეგულაციებია“
„რესტორნებში მომსახურება ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ 15-20%-ით გაძვირდა, თუმცა მიზეზი არა მხოლოდ პროდუქტების ფასების ზრდა, არამედ რეგულაციებია,“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„ზოგადად თუ რესტორანში შარშან ვსადილობდით 100 ლარად, წელს არის 115-120 ლარი. წლიური გაძვირება დაახლოებით, 15-დან 20%-მდეა. ფასის ზრდა არ არის გამოწვეული მხოლოდ ინგრედიენტების გაძვირებით, ეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედებასთანაც არის დაკავშირებული.
თუ 30 წლის წინ რესტორანი იყო საქეიფო ადგილი, სადაც წვეულებები იმართებოდა, დღეს ეს რადიკალურად იცვლება. სარესტორნე სფერო იქცა შეხვედრების ადგილად, სადაც ემოციები გროვდება - პირველი სიყვარული იქნება, ბიზნესშეხვედრა თუ მეგობრების შეკრება.
ჩვენი სექტორი ამ მიმართულებით გადადის და უკვე სარესტორნე სფერომ უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, როგორ არის შესაძლებელი დანაზოგის გაკეთება, მწვანე რესტორნად გადაქცევა, თუ სხვადასხვა რეგულაციიდან გამომდინარე იმ შესაძლებლობების დაზოგვა, რაც დღეს რესტორანში საერთოდ არ არის გამოყენებული.
ბიზნესმა თავად უნდა ეძებოს გამოსავალი, თუ უნდა, რომ წარმატებული იყოს. თუ დროს დაელოდება, ამ შემთხვევაში ვიღაც მას დაასწრებს, მერე ეს რესტორანი ჩამორჩება და შემდეგ ჩნდება კითხვა - რატომ დაიხურა რესტორანი და რატომ ვერ გაამართლა. ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის ძალიან თვალსაჩინოა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა გადაცემაში „საქმე“ ასევე ისაუბრა ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტოს შექმნის ინიციატივაზეც.
მისი შეფასებით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის იდეა მისაღებია, თუმცა მნიშვნელოვანია, უწყება რეალურად ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციასა და ავთენტური კერძების დაცვას მოემსახუროს.
„როდესაც რაღაც იგეგმება, ამ შემთხვევაში რამდენად არის ეს საჭირო და რამდენად მიღწევადია, ამაზე უნდა ვისაუბროთ, თორემ რაც სათაურში წერია, ეს მისაღებია.
მე ვიტყვი, რატომ არის ეს საჭირო. ჩვენ გვაქვს კულტურა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება გასტრონომიაა. ხშირია ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის გასტრონომიული ტრადიციები თუ პროდუქტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, სხვადასხვა ქვეყანას თუ გასტრონომიას აქვს წარდგენილი გადაკეთებული, მოპარული ან სხვა სახელით.
ამას დაცვა სჭირდება. როგორც ღვინო, რომელიც აღიარებულია, რომ საქართველოში 8 000 წლის წინ აღმოაჩინეს - ეს რომ არ ყოფილიყო დაცული, მხოლოდ ჩვენთვის იქნებოდა ცნობილი.
მაგალითად, სხვადასხვა ქვეყანაში - იქნება ეს რუსეთი თუ ამერიკა, შეიძლება ნახოთ სომხური ხინკალი, სომხური ხაჭაპური, აჭარულ ხაჭაპურზე კი დარქმეულია „ლოდაჩკა“.
სინამდვილეში აჭარული ხაჭაპური ნავის ფორმის საერთოდ არ არის, ეს არის მზის ფორმის, მაგრამ რადგან საზოგადოებამ ასე მიიღო, ამიტომ ამ ავთენტურობას დაცვა სჭირდება.
ხინკალს იმიტომ არ ჰქვია ქართული ხინკალი, რომ მას არ აქვს ეროვნება - ის ჩვენია და შესაბამისად, სხვადასხვა ეროვნების ხინკალი არ არსებობს. არსებობს ერთადერთი - ეს არის ქართული.
მეორე საკითხია, როდესაც გადავწყვეტთ, რომ სადმე ვივახშმოთ, ვსვამთ კითხვას: რა მივირთვათ და სად? არის თუ არა ეს ავთენტური? ან უცხოელი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, უნდა მიირთვას ის კერძი, რომელიც თავის ქვეყანაშიც გაუსინჯავს, სწორედ ამ შემთხვევაში გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანია.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზარეულებს, რომლებმაც ბაზარზე თავიანთი ხედვით სხვადასხვა კერძი შემოიტანეს, უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



