„ტურისტული თავშესაფრები, ბილიკები, საპიკნიკე ადგილები“ - რა უნდა გაკეთდეს მტირალას ეროვნულ პარკში

მტირალას პარკი

მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი „მტირალას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შესახებ“. დოკუმენტში საუბარია მტირალას ეროვნული პარკის ტურისტული კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ეკოტურიზმის განვითარების შესახებ.

დადგენილებიდან ირკვევა, რომ პარკის ადმინისტრაციას არ აქვს მარკეტინგის გეგმა და მისდევს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეკომენდაციებს. ასევე, მტირალას ეროვნულ პარკს არ გააჩნია ვიზიტორთა ცენტრი.

„ყოფილი ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს, 2020 წლის მაისიდან გაიჯარებულია და გადაკეთებულია 8-ოთახიან სასტუმროდ. ამჟამად ფუნქციონირებს საინფორმაციო ცენტრი ეროვნული პარკის შესასვლელში“, - ვკითხულობთ დადგენილების დანართში.

ამ ეტაპზე პარკში შესვლისთვის არ არის დაწესებული გადასახადი. დანართში ვკითხულობთ, რომ ამ მიმართულებით Caucasus Nature Fund-ის მიერ მომზადდა კვლევა.

„შესვლის გადასახადის დაწესებით გაიზრდება პარკის შემოსავალი და გაუმჯობესდება ვიზიტორთა კონტროლი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთანავე, მომსახურებების ინტერნეტით დაჯავშნის სერვისი ვიზიტორებისთვის არ არის ხელმისაწვდომი. პარკში არ არსებობს შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა და არც დაგეგმილ პროექტებშია გათვალისწინებული.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარკში ბილიკების რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მტირალა-კინტრიშის დამაკავშირებელი 150 კმ-იანი ბილიკის და ინფრასტრუქტურის მოწყობა, თუმცა, „არსებული ბილიკების გამტარუნარიანობა არ არის შესწავლილი“.

„პარკი იზიდავს ტურისტებს, რაც წარმოშობს შესაძლებლობებს ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და რესტორნებისთვის, ცხენზე ჯირითის, სამთო ველოსიპედების გაქირავების, სხვადასხვა ტიპის ატრაქციების, ტურისტული გიდების, სახლში დამზადებული პროდუქციისა და სხვა სერვისების ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „ვიზიტორთა რაოდენობის მზარდი ტენდენციის ფონზე მნიშვნელოვანია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. 2032 წლისთვის ამ მიმართულებით, განსაზღვრულია შემდეგი მიზნები:

  • ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • განახლებულია მონაცემთა ბაზა ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ;
  • მინიმუმ 5 თავშესაფრის, 7 საპიკნიკე ადგილის, 3 ბილიკის განახლება და სულ მცირე 2 საპირფარეშოს მოწყობა;
  • მინიმუმ 50 საინფორმაციო დაფის განახლება, ჩანაცვლება ან დამატება;
  • კერძო სექტორთან ერთად მინიმუმ 2 ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება;
  • 3 ვიზიტორთა თავშესაფრის მოწყობა;
  • ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო დარბაზის და სუვენირების მაღაზიის მოწყობა;
  • შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა და ა.შ.

დოკუმენტის მიხედვით, „აღნიშნული მიზნად ისახავს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკოტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და პარკის შემოსავლების ზრდას“.