თურქეთში მიწისძვრამ ქვეყანას 80 მლრდ დოლარის ზიანი მიაყენა

მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრების ზარალი ამ დროისთვის დაახლოებით 80 მილიარდი დოლარია, დაზარალებულმა პროვინციებმა დაიწყეს 40%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება ექსპორტისთვის. ამის შესახებ ოთხშაბათს თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ვაჰიტ კირიშჩიმ განაცხადა.

„ის რაც მოხდა, ჩვენთვის ძალიან მტკივნეული მოვლენა იყო. მიახლოებითი ზარალი 80 მილიარდი დოლარია. მხოლოდ მიწისძვრების შედეგად წყლის რესურსების ადმინისტრაციის ზარალი 22 მილიარდი ლირაა (1,15 მილიარდი დოლარი)“, - ციტირებს მინისტრის განცხადებას სააგენტო Demiroren-ი.

კირისჩიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ წყლის რესურსების სამმართველოს ფინანსური ზარალი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, როდესაც დადგება დრო, როცა დაიწყება ტერიტორიების მორწყვა. 

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, სად არის ამ სისტემაში დაზიანება,“ - განმარტა მან.

მიწისძვრა თურქეთის ექსპორტსაც შეეხო. კირისჩის თქმით, სტიქიას მოყოლილი პროვინციების წილი თურქეთის ექსპორტის მთლიან მოცულობაში დაახლოებით 15,5%-ია. მიწისძვრების შემდეგ ამ რეგიონებმა საექსპორტოდ 40%-ით ნაკლები პროდუქციის წარმოება დაიწყეს.

თურქეთში გაეროს განვითარების პროგრამის სპიკერმა ლუიზ ვინტონმა განაცხადა, რომ თებერვალში მომხდარი მიწისძვრების შედეგად თურქეთისთვის მიყენებული ზარალი შესაძლოა 100 მილიარდ დოლარს გასცდეს. მანამდე მსოფლიო ბანკმა მიწისძვრებით თურქეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 34,2 მილიარდ დოლარად შეაფასა.

7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები თურქეთში 6 თებერვალს ცხრა საათის ინტერვალით, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა. ბიძგები, რასაც მოჰყვა ასობით ე.წ. „აფტერშოკი“, იგრძნობოდა რესპუბლიკის 11 პროვინციაში და მეზობელ ქვეყნებში, რომელთაგან ყველაზე მეტად სირია დაზარალდა. თურქეთში მსხვერპლთა რაოდენობამ 46 ათასს გადააჭარბა.