1728975070
„უძრავი ქონების მფლობელებს არ სურთ რუსებზე გაქირავება, თუმცა ისეთ ფასს ადებენ, რომლითაც ადგილობრივი ვერ იქირავებს“ - უძრავი ქონების ასოციაციის თავმჯდომარე
„უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთვის ვადგენთ ბიუჯეტს“, - ამის შესახებ უძრავი ქონების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ უძრავი ქონების ფასის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთის მხრივ უძრავი ქონების მფლობელებისგან ისმის ხოლმე მოსაზრება, რომ არ სურთ რუსებზე გაქირავება ბინის, თუმცა პარალელურად ისეთ ფასს ადებენ, რომლითაც ადგილობრივი ვერ იქირავებს.
„მთლიანად უძრავი ქონების სექტორი დადგა დიდი გამოწვევების წინაშე 2022 წლის თებერვლიდან. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მივიღეთ აქტიურად მოზღვავებული რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლა ქვეყანაში. მოხდა ფასების ზრდა ბაზარზე. ბინების ფასი რეკორდულ ნიშნულზე ავიდა. მესმის, ეს მოთხოვნამ გამოიწვია, მაგრამ ეს არ იყო სწორი, რადგან ფასი ხარისხს არ უნდა სცილდებოდეს. სამწუხაროდ, ახლაც იმ მოცემულობაში ვართ, რომ უძრავი ქონების გასაყიდი თუ გასაქირავებელი ფასი არის „გაბერილი“ და არარელევანტური.
უძრავი ქონების მფლობელებისგან, გვესმის ხოლმე ასეთი მოსაზრებები - რუსებზე არ გავაქირავებ, პარალელურად კი ვხედავთ არარეალურ ბიუჯეტს, ისეთ ფასებს, რომლითაც ადგილობრივი ვერ იქირავებს. ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვისთვის ვადგენთ ამ ბიუჯეტს“, - განაცხადა მებაღიშვილმა.