ყაზახეთი ნავთობის გადაზიდვის ალტერნატიულ გზებზე ალაპარაკდა

bjt

შავ ზღვის პორტებში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნები გააჩინა არაერთი საერთაშორისო მარშრუტის ირგვლივ. მათ შორისაა ყაზახური ნავთობის ექსპორტის საკითხიც. ამ დღეებში, „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ Reuters-ს განუცხადა, რომ, თუკი შავ ზღვაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, შესაძლოა, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტისთვის, ნოვოროსიისკის პორტი, სანქტ-პეტერბურგის ოლქში მდებარე პორტ უსტ-ლუგათი ჩაანაცვლოს. 

ერიკ საგიევის ეს განცხადება ეხმიანება ორი უპილოტო ობიექტის შეტევას ნოვოროსიისკის პორტზე, რასაც გემების გადაადგილების დროებითი აკრძალვა მოჰყვა. გაზაფხულზე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ „ყაზმორტრანსფლოტი“ -  ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდავი, ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას და მის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის გავლით, კასპიის ფლოტით გეგმავდა. 

ამ დროისთვის ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება, კასპიის ზღვის გავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენითაც ხდება. ამ მარშრუტით ტონა ნავთობის გადაზიდვისთვის ყაზახეთი 100 დოლარს იხდის, განსხვავებით რუსული მიმართულებისგან, რომელიც მხოლოდ 38,4 დოლარი უჯდება. შესაბამისად, ნავთობის ექსპორტის 70% ყაზახეთს სწორედ რუსული მარშრუტით გადააქვს. გამოიყენება ორი მიმართულება - კასპიის კონსორციუმის მილსადენი, რომელიც ნოვოროსიისკის პორტამდე მიდის და ატირაუ-სამარას მილსადენი, რომელიც პორტ უსტ-ლუგაში ხვდება.

ყაზახური ნავთობის ძირითადი წილი ნოვოროსიისკით გადის - გასული წლის მონაცემებით, ეს 52,2 მლნ ტონა ნავთობია, 8,4 მლნ ტონა გაიტანა ყაზახეთმა შარშან პორტ უსტ-ლუგას გავლით. დატვირთავს თუ არა მთლიანად მეორე რუსულ მარშრუტს ყაზახეთი, თუკი შავ ზღვაზე პრობლემები გაგრძელდება თუ ნავთობის ნაწილს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენითაც გაატარებს, ჯერჯერობით უცნობია.