"ოჯახის ექიმი მალე დეფიციტურ და იშვიათ პროფესიად გადაიქცევა" - სანდრო ურუშაძე

ჯანდაცვა 1758885310
ექიმი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ყველაზე ხშირად ქართველი ახალგაზრდა ექიმები რეზიდენტურაზე გაერთიანებულ სამეფოში ან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან, ან გერმანიაში სტაჟირებას ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალთან გადიან. საბერძნეთი და ისრაელი ასევე პოპულარული დანიშნულების ქვეყნებია. ჯანმოს მონაცემებით, 2021–2022 წლებში საქართველოში განათლებამიღებული 770 ექიმი მუშაობდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებში, საიდანაც ყველაზე მეტი გერმანიაში დასაქმდა.

ჯანდაცვის ექსპერტი სანდრო ურუშაძე ამბობს, რომ ქვეყნიდან ექიმების გადინების მიზეზი განათლების დაბალი ხარისხი და კარიერული განვითარების მცირე შანსებია. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ექიმების სიჭარბე ახალგაზრდა კადრებს განვითარების შესაძლებლობას არ უტოვებს, რის გამოც ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ქვეყანა დატოვონ და სხვა ქვეყანაში მიიღონ შესაბამისი განათლება. მისი თქმით, დარგში არაკონკურენტულ გარემოს ექიმებს შორის ხელფასების არათანაბარი განაწილებაც ქმნის.

“ახალი ექიმისთვის ძალიან ძნელია საქართველოში თავის დამკვიდრება. ექიმების კადრების სიჭარბე, ადგილს აღარ უტოვებს ახალგაზრდას, რომ დაიმკვიდროს თავი, განვითარდეს, ისწავლოს, გაიზიაროს გამოცდილება, რომელიც პირველ წლებშია განსაკუთრებით აუცილებელი. კლინიკური პრაქტიკაც, რაც ჩვენთან არის, ფორმალობად გადაიქცა, ჩვენთან პრაქტიკულად პაციენტის ნახვის და პაციენტის გასინჯვის დეფიციტია ხოლმე იმისთვის, რომ ადამიანმა რაღაც ცოდნა შეიძინოს.

ახალ ექიმს არ აქვს შანსი, რომ მაღალი დონის პროფესიონალად ჩამოყალიბდეს. ანაზღაურებაც ბუნებრივია ახალგაზრდა ექიმებისთვის ძალიან მცირეა. არის პროფესიები, სადაც ბუნებრივია კარგია ანაზღაურდება, თუმცა არის პროფესიები, მაგალითად იგივე ოჯახის ექიმი, რომელიც მალე დეფიციტურ და იშვიათ პროფესიად გადაიქცევა.

გარდა ამისა, არათანაბრად არის განაწილებული შემოსავლები ექიმებში. თუ ვთქვათ 4%-ს ექიმების აქვს 10 000 ლარზე მეტი შემოსავალი და 15%-ს აქვს 5 000 ლარზე მეტი, დანარჩენ ექიმებს აქვთ საშუალო და მასზე ნაკლები ხელფასი. ეს უთანაბრობა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ არის იმის შედეგი, რომ ექიმების სიჭარბესთან ერთად, მოთხოვნა გარკვეულ კონკრეტულ პერსონებზეა და არა პროფესიებზე.

კომერციული მხარე უფრო მეტია აქ, ვიდრე პაციენტის მიმართ ყურადღება. ამიტომაც, გარდა ზოგადად სისტემის ორგანიზაციული და პოლიტიკური მოწყობისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკურ მხარეზეც - პროფესიულ ეთიკაზე ვიფიქროთ.

ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამიტომ, ყველა ექიმსაც და ახალგაზრდასაც ურჩევნია ხოლმე, რომ მოძებნოს ისეთი ქვეყანა, სადაც მათი პროფესია და მათი საქმე უფრო დაფასებული იქნება”, - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სანდრო ურუშაძე.

ჯანმოს ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ექიმების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 1500 ლარი იყო, ექთნების კი - 774 ლარი. ექიმების 14% თვეში 5500 ლარს ან მეტს გამოიმუშავებდა, ხოლო 4% - 10 000 ლარს ან მეტს.