აფხაზეთმა რუსეთში მანდარინის, ფეიხოას და ლიმონის ექსპორტი გაზარდა

მანდარინი

ოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან აფხაზეთმა რუსეთში მანდარინის, ფეიხოას და ლიმონის ექსპორტი გაზარდა. ამის შესახებ TASS-ს დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტში განუცხადეს.

კერძოდ, „ოქტომბრის დასაწყისიდან აფხაზეთიდან რუსეთში 2700 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 558 ტონით მეტია. ასევე, ექსპორტირებულია 136 ტონა ლიმონი, რაც 2024 წლის მოცულობაზე 93 ტონით მეტია. 2024 წლის ამავე პერიოდში აფხაზეთიდან რუსეთში 719 ტონა ფეიხოა გავიდა, მაშინ, როცა წლევანდელი მაჩვენებელი 819 ტონას შეადგენს.“

თუმცა ხურმის ექსპორტი 6 ტონით შემცირდა და 122 ტონა შეადგინა.

ხილი, ძირითადად, დიდი რაოდენობით, მძიმე სატვირთო მანქანებით გადის ექსპორტზე. ამასთან, აფხაზეთიდან რუსეთში 5 კგ-მდე წონის მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონისა და სხვა ციტრუსის ტრანსპორტირება უბაჟოა, ხოლო 5 კგ-ზე მეტი წონის, თუმცა არაუმეტეს 25 კგ-ის ტვირთის ხელბარგით ან საბარგულით გადატანა მხოლოდ ფიტოსანიტარიული (საკარანტინო) სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში არის დაშვებული.

25 კგ-ზე მეტი წონის ხილბოსტნეულის პროდუქცია სავალდებულო დეკლარირებას და საბაჟო გადასახადებს ექვემდებარება. სერტიფიკატის გარეშე ციტრუსის პროდუქცია პირს რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოერთმევა. ეს წესი 2014 წლის 21 ივლისს დადგენილი „მცენარეთა კარანტინის შესახებ“ ფედერალური კანონით განისაზღვრება და ტრანსპორტის ყველა სახეობაზე, მათ შორის, მატარებლებსა და ელექტრომატარებლებზე ვრცელდება.

ცნობისთვის: აფხაზეთში ციტრუსი, ფეიხოა და ხურმა ოქტომბერში იწყებს დამწიფებას. ციტრუსის სეზონი ყველაზე დიდხანს გაზაფხულის დასაწყისამდე გრძელდება.

bpn.ge