1790754613
თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფო აშენდება – პროექტისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული
თბილისში ახალი, 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს მშენებლობა და აღჭურვა იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ბიუჯეტი 50 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია აღნიშნული.
პროექტის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფო თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის მიზანია არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ახალი ინფრასტრუქტურა ჯამში 259 საწოლს მოიცავს, მათ შორის 174 ფსიქიატრიულ და 85 ნარკოლოგიურ საწოლს.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მრავალპროფილური სამედიცინო კომპლექსი გააერთიანებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიას, დუალური დიაგნოზის მართვის, მოზრდილთა ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ განყოფილებებს, ამბულატორიას, ჩანაცვლებით თერაპიას, ლაბორატორიას, სარეაბილიტაციო, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბლოკებს.
პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სქესის მიხედვით მკაცრად განცალკევებული და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
პროექტის მოსალოდნელი შუალედური შედეგის მიხედვით, 2031 წლისთვის უნდა დასრულდეს ახალი, 259-საწოლიანი კლინიკის შენობის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მისი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ინვენტარით სრულად აღჭურვა, მართვის გუნდის ჩამოყალიბება და 200 ახალი კვალიფიციური კადრის მობილიზება/მომზადება.
დოკუმენტის თანახმად, 2027–2031 წლებში სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მლნ ლარია გათვალისწინებული, ჯამში 40 მლნ ლარი, ხოლო ტექნოლოგიური აღჭურვისთვის 2030 წელს 6 მლნ, 2031 წელს კი 4 მლნ ლარი გამოიყოფა.
დოკუმენტის მიხედვით, კლინიკის სრული და გამართული ოპერირება 2031 წლიდან არის დაგეგმილი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „შედეგად გაიზრდება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, აღმოიფხვრება ნარკოლოგიურ დეტოქსიკაციაზე ლოდინის რიგები და შემცირდება პაციენტთა ოჯახების მიერ „ჯიბიდან გადახდები“.
ამასთან, პროექტის საბოლოო მიზნად კლინიკის სრული ფინანსური თვითკმარი ოპერირების უზრუნველყოფაა განსაზღვრული.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გასაჯაროვდა. მის საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტში ცვლილებებისა და კორექტირებების შეტანაა შესაძლებელი.
BPN



