1-ელი იანვრიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

მიკროავტობუსი

2026 წლის 1-ელი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია ნათქვამი.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, - ვკითხულობთ რეგლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ელი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

მაშინ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავდნენ, რომ შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან იყო დაკავშირებული.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაუკავშირდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს იმის გასარკვევად, ხომ არ იგეგმება კვლავ ამ რეფორმის გადავადება, თუმცა, როგორც სააგენტოში აცხადებენ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.