„15-20 წელში ეს საგანგაშო მაჩვენებელი იქნება - ერთხელაც შეიძლება უმცირესობაში აღმოვჩნდეთ და ქართველი ერის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“ - აროშიძე

მოხუცი

„15-20 წელში ეს საგანგაშო მაჩვენებელი იქნება - უფრო დიდი ტემპით გადიან ადამიანები პენსიაში, ვიდრე ახალი თაობა შედის შრომის ბაზარზე, რაც საკმაოდ დიდ დანაკარგებს იწვევს“, - ამის შესახებ სოციოლოგმა და ეკონომისტმა პაატა აროშიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

საუბარია, ქვეყანაში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე, რაც შობადობის შემცირების პარალელურად, როგორც სოციოლოგი ამბობს, ერის დაბერების ნიშანია.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 888 518 პენსიონერი იყო, რაც მოსახლეობის თითქმის 24%-ია.

მეტი სიცხადისთვის, 2024 წელს მოსახლეობის 23.4% (864 312 პირი) იყო ასაკობრივი პენსიის მიმღები, 2023 წელს 22.4% (838 097 პირი), 2022 წელს 22% (808 326 პირი), ხოლო 2021 წელს 21.3% (793 751 პირი).

როგორც პაატა აროშიძე ამბობს, აღნიშნული ტენდენცია ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში იკვეთება. მისი თქმით, „სოფელი ძირითადად 60-65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანების ამარაა დარჩენილი“.

„ეს შეიძლება შეფასდეს როგორც დემოგრაფიულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. დემოგრაფიული კუთხით, როდესაც ხანში შესული მოქალაქეების რაოდენობა, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში იზრდება, რა თქმა უნდა, ცუდია. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერების პროცესი, ახალშობილთა რაოდენობის ზრდის პროცესს აჭარბებს. ეს შეიძლება მყისიერად არ აისახოს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მაგრამ გარკვეულ პერიოდში აუცილებლად აისახება. მაგალითად, 4 წლის განმავლობაში გვაქვს პენსიონერების რაოდენობის 4%-იანი ზრდა, თუ ეს იგივე ტემპით გაგრძელდა, 15-20 წელიწადში ეს საგანგაშო მაჩვენებელი იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკურ ჭრილს, ეს უნდა დავუკავშიროთ შრომის ძალას. უფრო დიდი ტემპით გადიან ადამიანები პენსიაში, ვიდრე ახალი თაობა შედის შრომის ბაზარზე, რაც საკმაოდ დიდ დანაკარგებს იწვევს.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ახალი შრომის ძალა ფერმერულ მეურნეობებში თითქმის არ შედის. ახალგაზრდას ურჩევნია მოშორდეს სოფელს, წავიდეს ქალაქში მომსახურების სფეროში დაკავდეს, ვიდრე სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდეს, იქ სადაც რეალური მატერიალური დოვლათი იქმნება. სოფელი ძირითადად 60-65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანების ამარაა დარჩენილი. ეს იწვევს ჩამორჩენას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში.

ეს მომავალში ყველაფერზე აისახება. მაგალითად, სკოლებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, თავდაცვის უნარიანობაზე, სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე და ა.შ. რატომღაც დემოგრაფიულ პრობლემებს ადამიანი ეჩვევა, რადგან მის თვალწინ არ ხდება ცვლილება, მის თვალწინ არ ბერდება ერი, ამას წლები სჭირდება, მაგრამ ერთხელაც შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჩვენ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ“,- ამბობს პაატა აროშიძე.

კითხვაზე, რა იქნება ამის შემდეგ, სოციოლოგი პასუხობს:

„თუნდაც სამშენებლო სექტორის მაგალითზე განვიხილოთ. ეს არის დარგი, სადაც საჭიროა ახალგაზრდული ენერგია ძალა და ამავე დროს ტექნიკური გამოცდილება. ბიზნესი ხშირად უჩივის, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობაა. რეალურად ახალგაზრდას ხშირ შემთხვევაში ურჩევნია გავიდეს უცხოეთში ანალოგიურ სამუშაოზე, რადგან იქ მეტი ანაზღაურებაა. ამ დროს კი, პენსიაზე გასული ადამიანების უმეტესობა ადგილზეა დამაგრებული და რეალურად ისინი ქმნიან ქვეყანაში მოსახლეობის დიდი რაოდენობას.

აქ მთავარი ამბავი არის ის, რომ დასაქმების ადგილი ცარიელი არ რჩება. მშენებელმა როდესაც დაინახა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში მსურველი არ არის, ჩამოიყვანა უცხოელი და დაასაქმა. ბევრი მიმართულებაა, სადაც მთლიანი ბრიგადები ჩამოჰყავთ უცხოეთიდან.

ბიზნესისთვის, შრომის ცარიელი ადგილი არ დარჩება, ის ყოველთვის გამონახავს იმ სამუშაო ძალას, რომელიც ადგილს შეავსებს“,- აღნიშნავს პაატა აროშიძე.

იმ შემთხვევაში, თუ პროცესი შეუქცევადი გახდება, სოციოლოგი მიიჩნევს, რომ ერთი საუკუნეში ქართველი ერის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ერი დაბერებისკენ მიდის და დაბერებული ერის არსებობა, რთული სათქმელია, მაგრამ საუკუნე- საუკუნე ნახევრის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მით უფრო, რომ ქართველები მიდიან საზღვარგარეთ და მათ ადგილზე უცხოელები შემოდიან “, - ამბობს აროშიძე.

BPN