17.2 მლნ ლარი თბილისის საბავშვო ბაღების საკვებისთვის - რა პროდუქტებს ყიდულობს სახელმწიფო

საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ექვსი - ჯამში, 17.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.

შესყიდვების ჩამონათვალშია: საქონლისა და ქათმის ხორცი, ორაგულის ფილე, იმერული ყველი, მაკარონი, ხილფაფა და სხვა პროდუქტები.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტებზე მოთხოვნები მხოლოდ რაოდენობასა და მიწოდების პირობებს არ მოიცავს - დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი, როგორი შემადგენლობის, ხარისხისა და მდგომარეობის უნდა იყოს კონკრეტული სურსათი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალებს, თუ რა პროდუქტების შეძენას და რა სავარაუდო ღირებულებით გეგმავს სახელმწიფო თბილისის საბავშვო ბაღებისთვის.

სხვადასხვა საკვები პროდუქტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 990 528 ლარი

ამ კატეგორიაში შედის მარილი, შაქარი, ხილის ჩაი, საფუარი, ცანილი, ძმარი, სოდა, ორცხობილა, მაკარონი, ვერმიშელი, ვაშლის ჩირი და ქიშმიში.

ტომატ-პასტა და ხილფაფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 328 071 ლარი

სატენდერო პირობების მიხედვით, ტომატის პროდუქტის შემადგენლობა 100% პომიდორი უნდა იყოს. რაც შეეხება ხილფაფას, ის უნდა იყოს დამზადებული არანაკლებ 60% ხილისგან და არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ამასთან, ჯემს უნდა ჰქონდეს მხოლოდ დამზადებისას გამოყენებული ხილისთვის დამახასიათებელი არომატი.

იმერული ყველი - 1.8 მლნ ლარი

რძის პროდუქტების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 763 838 ლარია. ამ კატეგორიაში მხოლოდ ყველი შედის. ტენდერის პირობების მიხედვით, ბაღებისთვის განკუთვნილი ყველი უნდა იყოს „იმერული“, პასტერიზებული რძისგან დამზადებული, ნაკლებად მარილიანი და ქარხნული წარმოების. დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია, რომ პროდუქტი უნდა იყოს წათხის რბილი ყველი და არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი ფერი, სუნი ან გემო. გარდა ამისა, ყველი არ უნდა იყოს დამზადებული აღდგენილი რძისგან, მათ შორის რძის ფხვნილისგან, და არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.

ქათმის ხორცი - 1.9 მლნ ლარი

ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების კატეგორიაში ამ შემთხვევაში მხოლოდ ქათმის ხორცია გათვალისწინებული. მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 899 925 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ქათმის ხორცი უნდა იყოს გაციებული და ახალი, თავ-ფეხისა და შინაგანი ორგანოების გარეშე და გასუფთავებული.

ორაგულის ფილე - 3.4 მლნ ლარი

დაკონსერვებული თევზის, კერძოდ, ორაგულის ფილეს შესყიდვაზე 3 391 254 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეთავაზებული თევზი უნდა იყოს შემდეგი სახეობებიდან ერთ-ერთი: Atlantic salmon (Salmo salar), Chinook salmon (Oncorhynchus tschawytscha), Coho salmon (Oncorhynchus kisutch), Pink salmon (Oncorhynchus gorbuscha) ან Sockeye (Oncorhynchus nerka). ამასთან, პროდუქტი უნდა იყოს გაყინული მშრალი, სწრაფი გაყინვის მეთოდით - შოკირებული მეთოდით, -18 გრადუს ცელსიუსზე.

საქონლის ხორცი - 9.9 მლნ ლარი

ყველაზე დიდი თანხა თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვაზეა გათვალისწინებული - 9 849 800 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით, ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი და გაცივებული. ამასთან, პროდუქტი უნდა იყოს ძვალგამოცლილი.

საბოლოოდ, სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 17 232 888 ლარს შეადგენს.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შესასყიდი სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

წინადადებების მიღება ყველა აღნიშნულ საკვებ პროდუქტზე 11 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.

BPN