4000 ლარი თვეში - რა ჯდება სიბერე საქართველოში

ლელიანი

ოქტომბრის ბოლოს, მცხეთაში შუა ხნისა და ხანდაზმული ადამიანებისთვის ოჯახური ტიპის სახლი ,,ლელიანი’’ იხსნება. სახლი „ლელიანი“ სრულად ქართული ინვესტიციის დაარსდა. დამფუძნებელი ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც ორ პარტნიორთან ერთად 6,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. დამფუძნებლების განცხადებით, ოჯახური ტიპის სახლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, სადაც  პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მზრუნველობას, კომფორტსა და სიყვარულს არ მოაკლებს მის მცხოვრებლებს.  „ლელიანი“ ბენეფიციარებს სრულფასოვან მოვლასთან ერთად, სოციალიზაციის მიზნით მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. სერვისის ღირებულება თვეში 3500 ლარიდან 4000 ლარამდე მერყეობს.

,,ლელიანის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ ეს თანხა სერვისის შესაბამისია და ღირებულება ძვირად არ მიიჩნევა. მისივე თქმით, ,,ლელიანს’’ ბაზარზე კონკურენტები არ ჰყავს.

,,გვაქვს როგორც ერთადგილიანი ნომრები, ასევე 2 ადგილიანი. სერვისის ფასი დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე რომელ ნომერს აირჩევს ადამიანი. ფასი დაიწყება 3500 ლარიდან 4000 ლარამდეა ერთი თვის ღირებულება. კონკურენტი არ გვყავს. დღეს ასეთი მაღალი კლასის სახლი არ არსებობს საქართველოში. ახლა რაც არის ხანდაზმულთა სახლები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მათი ფასი არის დაახლოებით 3 000 ლარი და საკმაოდ კარად მუშაობენ. დატვირთულები არიან. დღე გამოდის დაახლოებით 140 ლარამდე ერთი ადამიანი, სამჯერადი კვებით, მოვლით, ჰიგიენური საშუალებებით, რაც ნამდვილად არ არის ძვირი. მაშინ როდესაც ცალკე მომვლელის ქირაობა საკმაოდ მაღალი ფასი ჯდება.’’- აცხადებს ნინო კიკნაძე.

ოჯახური ტიპის სახლი ,,ლელიანი’’ 65+ ასაკის ადამიანებისთვის არის გათვლილი. აქ მიიღებენ როგორც ჯანმრთელ, ასევე საექთნო, ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებს. ,,ლელიანის’’ კარი ღიაა მათთვისაც, ვისაც რამდენიმე დღე დასვენება სურს. დამფუძნებლები ამბობენ, რომ ისინი ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ზრუნვასა და ემპათიურ გარემოს უზრუნველყოფენ, რაც ხანდაზმულ ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაზრდაში დაეხმარება.

,,ეს არის მაღალი სტანდარტის, რეზიდენციული ზრუნვის სახლი. დაახლოებით სასტუმროს ტიპის. იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით. ეს არის ალცჰაიმერი, დემენცია და სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების მქონე ადამიანებზე ზრუნვა და მათი სრულფასოვანი მოვლა. მეორე არის ხანგრძლივი და სრულყოფილი საექთნო მოვლა. მესამე არის ხანდაზმულები, რომლებსაც სურთ გარკვეული დროის გატარება ჩვენთან. ერთი კვირა, სამი თვე, რამდენი დღეს სურთ. ვისაც მოვლა სჭირდება, მათ შევთავაზებთ სრულფასოვან სერვისს და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ინტეგრირებული იქნებიან თავისი ასაკის და ინტერესების ადამიანებთან. არ იქნებიან მარტო, მოწყენილები. პერსონალი არის კვალიფიციური ექთნებითა და მზრუნველებით დაკომპლექტებული, რომელთა უმეტესობაც საზღვარგარეთ არის გადამზადებული. გვეყოლება ექიმი და ფსიქოლოგი. მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ზრუნვას და მოვლას შევთავაზებთ ადამიანებს.’’- აცხადებს ნინო კიკნაძე.

„ლელიანი“ 50 ბენეფიციარზეა გათვლილი. მოვლასთან ერთად ოჯახური ტიპის სახლი მცხოვრებლებს მრავალფეროვან კულტურულ და სოციალურ აქტივობებს სთავაზობს. ინტელექტუალური შეხვედრები, კითხვის საღამოები, კულინარიისა და ცეკვის კლასები და სხვა. ,,ლელიანის’’ დირექტორი ნინო კიკნაძე აცხადებს, რომ სერვისის მიმართ ინტერესი უკვე არის და ისინი მომავალში მეორე ფილიალის გახსნას გეგმავენ.