5.6 მლნ მგზავრობა 9 თვეში - რუსი ტურისტები სამოგზაუროდ ყველაზე ხშირად საქართველოს ირჩევენ

turistebi

რუსეთიდან საქართველოში ტურისტული მოგზაურობების რაოდენობამ იანვარ-სექტემბერში 1 მილიონი, ხოლო მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში 4.6 მილიონი შეადგინა. ამის შესახებ “როსსტატის” ანგარიშში წერია, სახელწოდებით, „რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა”. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

ამდენად, რუსეთის ტურისტული მიმართლებების წამყვან 5-ეულში „როსსტატი”ოკუპირებულ აფხაზეთს ტრადიციულად ცალკე ასახელებს, რომელიც მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს, ხოლო საქართველო ტოპ ხუთეულს ხურავს.

კერძოდ, ყველაზე მეტად იანვარ-სექტემბერში რუსმა ტურისტებმა იმოგზაურეს:

  • თურქეთში - 4.9 მლნ მგზავრობა;
  • აფხაზეთში (საქართველო) – 4.6 მლნ მგზავრობა;
  • არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში - 1.3 მლნ მგზავრობა;
  • ჩინეთში - 1.1 მლნ მგზავრობა;
  • საქართველოში - 1 მილიონი მგზავრობა.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მონაცემების ჩათვლით, საქართველოს ერთიან საზღვრებში რუსი ტურისტების მოგზაურობების რაოდენობა 5.6 მილიონს შეადგენს, რითიც ქვეყანა თურქეთს 700 ათასი მგზავრობით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე ეგვიპტე (992,6 ათასი) და ტაილანდი (852,6 ათასი) არიან. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში რუსების ტურისტული მოგზაურობები ვიეტნამში ყველაზე მეტად, 16,2-ჯერ გაიზარდა და 32,1 ათასი შეადგინა.

მთლიანობაში, რუსების ტურისტული მოგზაურობების რაოდენობა წელიწადში 7,1%-ით გაიზარდა და 21.1 მილიონი შეადგინა. უცხოური ტურისტული მოგზაურობების მთლიანი რაოდენობის 80,1% დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში, ხოლო 19,9% დსთ-ში განხორციელდა.