„ბევრი ადამიანი გავიდა პროგრამიდან - დაუბრუნდა ისევ ნარკოტიკს“ - რატომ შემცირდა მეტადონის პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა

მეტადონის პროგრამა

საქართველოში მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა მცირდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსისთვის“ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან“ მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, 2024 წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, ეს მაშინ, როდესაც 2023 წელს 15 857 ბენეფიციარი იყო, 2022 წელს კი - 17 646.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე bpn-თან ამბობს, რომ ჩანაცვლების თერაპიიდან ადამიანების გასვლა, პროგრამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და რეგულაციებმა განაპირობა.

მისი თქმით, 2024 წლის იანვრიდან გამკაცრდა წესები, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის მეტადონის პროგრამით სარგებლობა გართულდა. 

„ეს არის ძალიან ცუდი (სტატისტიკა). 2024 წელს რეგულაცია შეიცვალა და გარკვეულ შეზღუდვები დაწესდა. ადრე შეიძლებოდა პრეპარატის ხელზე გატანა მათთვის, ვინც მუშაობდა, შეზღუდული შესაძლებლობის იყო, ავადმყოფობდა, გადაადგილდებოდა ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო და შორს იყო პროგრამისგან. ამ ადამიანებისთვის შესაძლებელი იყო გარკვეული რაოდენობის პრეპარატის ბინაზე გაცემა. 2024 წლის იანვარში ეს შეიცვალა და ადამიანები პრაქტიკულად ყოველდღე, შაბათ-კვირის, დღესასწაულების, ყველაფრის გარეშე, მაინც უნდა მივიდნენ დაწესებულებაში, რომ მიიღონ მედიკამენტი. რა თქმა უნდა, ამის გამო ბევრი ადამიანი გავიდა პროგრამიდან და ეს ძალიან ცუდია.

გარდა ამისა, გადაიტანეს ცენტრები ძალიან მოუხერხებელ ადგილებში. მაგალითად, ზუგდიდში ისეთ ტერიტორიაზეა, იქ საერთოდ როგორ უნდა მიხვიდე, არც ვიცი, კარიერებთან არის და იმდენად მძიმე პირობებში არიან ექიმები, წარმოიდგინეთ, პირბადეებით უწევთ ჯდომა, რომ მტვერი რომელიც იქ დგას, არ ისუნთქონ. ცალკე ამ ექიმების ჯანმრთელობაა საკითხავი. მოკლედ, ძალიან უჭირთ ადამიანებს გადაადგილება, ამიტომ ბევრი ადამიანი დაუბრუნდა ისევ ნარკოტიკს“, - ამბობს ზურა სიხარულიძე.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის გარემო პირობებთან და მოცემულობასთან ადაპტირება მომხდარიყო, სერვისის მიღება უფრო გართულდა, ცენტრებისთვის მოთხოვნები გაიზარდა, ბიუჯეტი კი არ შეცვლილა.

„ძალიან ბევრი პრობლემაა ჩანაცვლების თერაპიის პროგრამაში, რომელიც 2005 წელს გაიხსნა, შემდეგ მოხდა მოდერნიზაცია 2012 წელს. 2008 წელს დაიწყო სახელმწიფო პროგრამები, იყო თანადაფინანსებით, მონაწილეობდა გლობალური ფონდი. მას შემდეგ, ბიუჯეტი არ შეცვლილა, რაც იყო 2012 წელს, იგივეა დღესაც. მეტადონის პროგრამა არ არის კომერციული, მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს, არ მოხდა სერვისის ადაპტირება იმ რეალობასთან, რომელიც არის. გარდა ამისა, კადრების პრობლემაა, ისევე როგორც ადგილმდებარეობის, რეგულაციების და ა.შ. ეს არ იცვლება სამწუხაროდ, პირიქით, უარესდება, რეგულაციები მკაცრდება და ადამიანების უფლებების დაცვა არ ხდება ამ პირობებში.

ადრე კანონი შედარებით ნორმალური იყო და უფრო მუშაობდა იმ პირობებში. მეტიც, ვფიქრობდით, რომ უნდა გაუმჯობესებულიყო და მომხდარიყო უფრო ლიბერალიზაცია. დრომ გვანახვა, რომ ჩანაცვლებით თერაპიას ზიანი კი არ მოაქვს, პირიქით, წარმოიდგინეთ, 51 000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია, საიდანაც 12 000 აღარ იკეთებს ნარკოტიკს, ეს უკვე დიდი რამეა, თუმცა, 40 000 ხომ რჩება და ისიც უნდა ჩაერთოს ამ პროგრამაში. დღევანდელი სტატისტიკა კი, ძალიან ცუდი შედეგია, თუ გაზრდის მაგივრად მცირდება.

იგივე მოხდა კომერციულ პროგრამებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები თანხას იხდიან, აქედან 90% არის ისეთი, ვინც მუშაობს. პლუს ამას, კიდევ უფრო დაამძიმეს რეგლამენტი და საკმაოდ მაღალ ხარჯს მოითხოვს, ახალი წესები რომ შეასრულო. უნდა გყავდეს ოფიციალურად დაცვა, უნდა გყავდეს 3 ექიმი, არ უნდა იყოს პროგრამა საცხოვრებელი სახლის ქვეშ, უნდა იყოს ცალკე მდგომი, ახლოს არ უნდა იყოს სასწავლო დაწესებულება და ფაქტობრივად, ასეთი შენობა არ არსებობს, სადაც სკოლა, ბაღი, ან მუსიკალური სასწავლებელი არ არის, ეს ადამიანები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სერვისის მისაღებად სადღაც უნდა იარონ ტყეში, რომ ადამიანებმა არ დაინახონ.

გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამები გადატვირთულია ძალიან, ბევრი ტექნიკურად ვერ ახერხებს მიღებას, ვერ მოხდა შესაბამისად აღჭურვა, თანამედროვე ტენოლოგიების დანერგვა, კანონის მოცვა. ასევე, სირთულეებია წამლის შესყიდვაზე, ესეც ცალკე სახელმწიფოს პრობლემაა, იმიტომ, რომ ვერ საზღვრავენ სწორად რაოდენობებს.

გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ სტიგმატიზირებულია ეს პროგრამები. სინამდვილეში, რამდენი სიკეთე მოაქვს, ამაზე არავინ საუბრობს, სამწუხაროდ“, - ამბობს ზურა სიხარულიძე.