1755428789
დაფნის ექსპორტი შემცირდა - ქართული დაფნის 89% ჩინეთსა და რუსეთში გადის

ქართული დაფნის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა 14.009 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული წარმოების დაფნი (ჯამში 3 281 ტონა), გასული წლის იმავე პერიოდში კი 24.748 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (სულ 6 515 ტონა).
„ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, წელს საექსპორტო ფასი 13%-ით გაიზარდა. კერძოდ, შარშან 1 კგ. დაფნის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3.8 დოლარი იყო, წელს კი 4.3 დოლარია.
დაფნის ფასი გაიზარდა - ქართული დაფნის 89% ჩინეთსა და რუსეთში გადის
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული წარმოების დაფნის ექსპორტი ძირითადად ჩინეთის და რუსეთის ბაზრებზე ხორციელდება. ამ ორი ქვეყნის ჯამური წილი დაფნის ადგილობრივ ექსპორტში 89%-ს შეადგენს.
უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-ივნისში დაფნის ექსპორტი ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში ხორციელდებოდა:
- ჩინეთი - 9.238 მლნ აშშ დოლარის (ჯამში 2 137 ტონა);
- რუსეთი - 3.285 მლნ აშშ დოლარის (592 ტონა);
- უკრაინა - 749.7 ათასი აშშ დოლარის (182 ტონა);
- უზბეკეთი - 174 ათასი დოლარის (201 ტონა);
- მოლდოვა - 78 ათასი დოლარის (20 ტონა).