„დღეს საქართველოში აზარტულ თამაშებში თითქმის 1 მილიონი ადამიანია ჩართული“ - თამარ ჯაფარიძე

აზარტული თამაშები

„დღეს საქართველოში აზარტულ მოგებიან თამაშებში თითქმის 1 მილიონი ადამიანია ჩართული“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში აზარტული თამაშების კომპანიების წლიური ბრუნვა კოლოსალურია და ის სულ უფრო იზრდება, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრების რისკების აღმოსაფხვრელად, კანონპროექტის შემუშავების რეკომენდაცია მისცა.

„მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონთან ერთად, კომპანიების ჯამური ბრუნვა შეადგენს 64,5 მილიარდ ლარს. აქედან მხოლოდ 20 მილიონი არის უცხოელი ვიზიტორების მიერ დადებული ფსონები და დანარჩენი არის ადგილობრივი მოსახლეობის.

ჩვენ როდესაც დავინახეთ რომ ეს ბრუნვა ძალიან იზრდებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დავაყენეთ ეს საკითხი, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროში. სწორედ მაშინ, საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ მისცა რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტროს, რომ შეემუშავებინა კანონპროექტი ფულის გათეთრების რისკების წინააღმდეგ“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.