„დიდ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიების მოძიება, რომელიც განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას“ - კახა კალაძე

„ვარკეთილის“ მეტრო

„შესყიდული გვაქვს ახალი ვაგონები, წელს დავიწყებთ მიღებას და მომდევნო წლების განმავლობაში არსებული მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონები მთლიანად ჩანაცვლდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ამასთანავე, მანვე ისაუბრა მეტროსადგურების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და განაცხადა, რომ ადგილობრივად რთულია ისეთი კომპანიის მოძიება, რომელიც პროექტებს განახორციელებს.

„დღეის მდგომარეობით, შესყიდული გვაქვს ახალი ვაგონები, ამ წელს უკვე დავიწყებთ მიღებას და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული მოძველებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ვაგონები უკვე ახალი, თანამედროვე ვაგონებით რაც, რა თქმა უნდა, უფრო კომფორტული იქნება, შევამცირებთ მოცდის დროს, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა შეგვეძლება დღის განმავლობაში.

პარალელურად, იგეგმება 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, მოინახოს ქვეყანაში სამშენებლო კომპანიები, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას და განახორციელებს მეტროსადგურების რეაბილიტაციას.

ვარკეთილის მეტროსადგურში ამდენი წლის განმავლობაში უამრავი პრობლემა იყო. ყველაფერი გააზრებული გვაქვს. ამიტომ ვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, სადაც საერთაშორისო კომპანიებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ექსპერტების ჩართულობით, რათა ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.