ექსპორტი გაზრდილია - აფხაზეთიდან რუსეთში უკვე 502.5 ტონა მანდარინი შევიდა

მანდარინი

აფხაზეთის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის განყოფილების მონაცემებით, წელს რუსეთში მანდარინის, ლიმონის, ფეიხოას და ხურმის ექსპორტი გაიზარდა.

კერძოდ, სექტემბრის ბოლოდან ექსპორტზე 502.5 ტონა მანდარინი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 118 ტონით მეტია.

ექსპორტირებული ლიმონი უკვე 19.5 ტონას შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 12 ტონით მეტია.

ფეიხოას ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 7.6 ტონით მეტია და 210.3 ტონას შეადგენს, ხოლო ხურმის ექსპორტი 27.1 ტონით, 45.5 ტონამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კივსა და ფორთოხალს, მაჩვენებლები გასულ წელთან შედარებით უცვლელია და სათითაოდ 3 ტონა არის ექსპორტირებული.

როგორც წესი, აფხაზური ციტრუსის, თითქმის, მთელი მოსავალი რუსეთში გადის. ის მალფუჭებადი ხილია და სოჭის საბაჟოზე მისი განბაჟება, ასევე, ტვირთის შემოწმება პრიორიტეტულია.

აფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტი ოქტომბერში იწყება და მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.

ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2.900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.

რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.

bpn.ge