განახლებული ბიომეტრიული პასპორტების გაცემა დაიწყო - აუცილებელია თუ არა ვადიანი დოკუმენტების შეცვლა

ბიომეტროიული პასპორტები

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების გაცემა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერებულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, დიზაინი კი ეროვნული თემატიკის სიმბოლოებით არის დატვირთული.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ყველა სამგზავრო დოკუმენტის საფასურები იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები კი ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

განახლებული დიზაინით გაიცემა შემდეგი სამგზავრო დოკუმენტები:

  • ბიომეტრიული პასპორტი;
  • დიპლომატიური პასპორტი;
  • სამსახურებრივი პასპორტი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი.

„დაინტერესებულ პირებს დოკუმენტებზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. ასევე, დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.