„გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები ყოველ წელიწადში ერთხელ გადაამოწმებენ მომხმარებლებს“

გაზის გამათბობლები

„გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები ყოველ წელიწადში ერთხელ გადაამოწმებენ მომხმარებლებს,“ - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

როგორც გულეიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება, ექსპლუატაციაში სწორად მიღება მოხდეს.

„ჩვენთვის, როგორც თითოეული მომხმარებლისთვის ზამთრის სეზონი ყოველთვის გამათბობელი სისტემების ჩართვას უკავშირდება. ამას კიდევ ის ემატება, რომ ამ დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში გვიწევს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება და მათი ექსპლუატაციაში სწორად მიღება მოხდეს.

მინდა, განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში კომისიამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მიწოდების და მოხმარების წესებში მნიშვნელოვანი მუხლი შეიტანა, კომპანიის წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ მომხმარებლების გადამოწმება დაევალათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელს შეტყობინებას უგზავნის, რომ მასთან კონკრეტულ დღეს ვიზიტი განხორციელდება, ამ დღეს კომპანიის წარმომადგენელი ნახულობს, თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ აბონენტთან. დაახლოებით 2 კვირის წინ ამ კუთხით აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ყველა კომპანიას მოვთხოვეთ, რა სტადიაზე აქვთ შესრულებული სამუშაოები, სტატისტიკა გამოვითხოვეთ იმასთან დაკავშირებით, გაზრდილია, თუ არა პრობლემები, რამდენ მომხმარებელთან მოხდა დანადგარების ჩახსნა, სისტემური პრობლემა რამდენთან აღმოაჩინეს და ა.შ.

ჩვენთან შემოსული მასალების მიხედვით, „თბილისი ენერჯის” მაგალითზე რომ გითხრათ, დღეის მდგომარეობით 191 000 აბონენტი ჰყავთ გადამოწმებული, დაახლოებით 2 400 აბონენტთან დარღვევა აღმოჩნდა. დარღვევა 2 ტიპისაა, ერთი – როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ხსნის რომელიმე დანადგარს, იმიტომ, რომ ის არასწორად დამონტაჟებულია, ან არ შეესაბამება დამონტაჟების და მოწყობის სტანდარტებს. ასეთი შემთხვევა დაახლოებით 2 100 აბონენტთან დაფიქსირდა. თუ დანადგარი, ან ქსელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ კომპანიის წარმომადგენელი ჩახსნას ვერ აკეთებს და მას მიწოდებას საერთოდ უწყვეტს, ასეთი შემთხვევა თბილისში, 144 აბონენტთან იყო. წინა წლებთან შედარებით თითქმის იგივე მაჩვენებელია, უბრალოდ მინდა, აღვნიშნო მომხმარებლების დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული დანადგარების შეცვლა უნდა მოახდინონ, მეტად გაზრდილია, ამ კუთხით ნდობაა.

თუმცა, ხშირად მომხმარებლისგანაც მესმის, რომ როდესაც კომპანია რომელიმე დანადგარის ჩახსნას, ან ქსელის გადაკეთებას ითხოვს, ეს მათთვის ძალიან რთულად გასაგებია, ყოველთვის გარკვეულ სახსრებთანაა დაკავშირებული. ჩვენთანაც მოდიან კონსულტაციაზე, მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ როდესაც საქმე უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ეხება, ყველა რეკომენდაცია, რომელიც კომპანიის მხრიდანაა გაცემული, აუცილებლად დაკმაყოფილებული უნდა იყოს,” – განაცხადა გულეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.