ინდოეთი, იორდანია, ისრაელი - ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოში ჩამოდიან

სტუდენტი

უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში და ეს პრინციპი კანონის დონეზე იქნება დანერგილი - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა და იქვე დაამატა, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე“.

ოფიციალური მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში ჯამში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო, ხოლო 44 კერძოა.

ამასთან, საქსტატის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წელს, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 188 ათასი შეადგინა, საიდანაც 20% უცხოელ სტუდენტებზე, მოდის.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის თანახმად, 2024-25 სასწავლო წელს ქვეყანაში 37 125 უცხოელი სტუდენტი იყო, რაც 20.9%-ით მეტია, წინა წლის მაჩვენებელზე. 2023-24 წელს უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 30 701 იყო.

ამასთან, 2024-25 სასწავლო წელს 29 857 უცხოელი კერძო სასწავლებელში სწავლობდა, ხოლო 7 268 - სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში. შესაბამისად, გამოდის, რომ უცხოელი სტუდენტების მხოლოდ 19.5% სწავლობს სახელმწიფო სასწავლებელში.

მონაცემების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების 55% ინდოეთზე მოდის, შემდეგ პოზიციებზეა იორდანია 7%-ით და ისრაელი 6%-ით.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს:

  • ინდოეთი - 20 319
  • იორდანია - 2 487
  • ისრაელი - 2 210
  • პაკისტანი - 1 186
  • სუდანი - 1 774
  • გაერთიანებული სამეფო - 1 179
  • ეგვიპტე - 1 050
  • ლიბანი - 980
  • აზერბაიჯანი - 860
  • ნიგერია - 618

bpn.ge