1755428789
iPhone-ის ფასი 3500 დოლარამდე გაიზრდება? - რაზეა დამოკიდებული

iPhone-ის ფასი 3 500 აშშ დოლარამდე გაიზრდება, თუკი ის ამერიკაში დამზადდება. ამის შესახებ CNN-ი ადგილობრივ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს.
ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე ასეთი პოსტი გაავრცელა:
„დიდი ხნის წინ ვაცნობე Apple-ის წარმომადგენელ ტიმ კუკს, რომ მათი iPhone-ები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გაიყიდება, სრულად შეერთებულ შტატებში წარმოებული და აწყობილი უნდა იყოს და არა - ინდოეთში, ან კიდევ სადმე სხვაგან. სხვა შემთხვევაში, Apple-მა მინიმუმ 25%-იანი ტარიფები უნდა გადაიხადოს“, - დაწერა ტრამპმა.
iPhone-ის ღირებულება ამჟამად დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რადგან სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ შექმნის სამუშაოების უდიდესი ნაწილი აზიის რეგიონში ტარდება - ამ სისტემის აშშ-ში გადატანა პროდუქტის ღირებულებას თითქმის გაასამმაგებს. ამის შესახებ Wedbush Securities-ის ტექნოლოგიური კვლევების გლობალურმა ხელმძღვანელმა, დენ ივზმა განაცხადა.
ივზის შეფასებით, Apple-ს დაახლოებით 30 მლრდ დოლარი და 3 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ აშშ-ში iPhone-ის მიწოდების ქსელის მხოლოდ 10% გადაიტანოს.
ცნობისთვის, სმარტფონების ნაწილების დამზადება-აწყობის სამუშაოები აზიაში ათწლეულების წინ გადაიტანეს, ამერიკული კომპანიები კი დიდწილად პროგრამული უზრუნველყოფისა და დიზაინის კუთხით ოპერირებენ. Apple-ს სწორედ ასეთი სამუშაო სტრუქტურა დაეხმარა იმაში, მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელ გიგანტად და გლობალურად ერთ-ერთ უმდიდრეს კომპანიად ჩამოყალიბებულიყო.
მეორე მხრივ, CNN-ის მიხედვით, ტექნოლოგიური ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ iPhone-ის ფასი, სავარაუდოდ, გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუკი მიწოდების ქსელების მხრივ საერთოდ არაფერი შეიცვლება.