ირაკლი კობახიძე: ერთ ქალაქში გვაქვს სამი მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია

ირაკლი კობახიძე

განათლების სისტემის რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ გარდამტეხი ცვლილებების შეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის, ეკონომიკურ განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თანამედროვე საზოგადოებაში, პირველი, რაზეც ეკონომიკა დგას, განათლებაა.

„ჩვენ რომ გვქონოდა უკეთესი ვითარება განათლების სისტემაში, ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ისედაც მაღალია, საშუალო ზრდა ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს 9.3 %, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა. ეკონომიკური კუთხით, სოციალური განვითარების თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი განათლების სისტემა. ვითარება არის საკმაოდ არასახარბიელო ამ თვალსაზრისით, რაზეც საყოველთაო კონსენსუსი იყო საზოგადოებაში. ჩვენი ოპონენტები ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ არ იყო საქართველოში უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი, ამბობდნენ, რომ ამის გამო ახალგაზრდები გადიოდნენ ქვეყნიდან, საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. გახსოვთ, როცა ჩვენ დავაანონსეთ ინიციატივა სასკოლო განათლების 12-დან 11-კლასამდე შემცირების თაობაზე, მთავარი პრეტენზია იყო, რომ ბავშვებს აღარ ექნებოდათ ევროპაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. იმაზე არავინ საუბრობდა, რომ საკუთარ ქვეყანაში უნდა ჰქონდეს პირველ რიგში ბავშვს და ახალგაზრდას სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა. საყოველთაოდ აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი. მარტივად შემიძლია, შევადარო საქართველო და გერმანია, ჩვენი საუკეთესო უნივერსიტეტი და გერმანიაში საშუალო უნივერსიტეტი, აქაც კი ხუთმაგი, ათმაგი არის სხვაობა, ხარისხს თუ შევხედავთ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები განათლების სისტემაში. სტატისტიკას რომ შევხედოთ, 64 უნივერსიტეტია საქართველოში, ასეთ პატარა ქვეყანაში. საქართველოში არის იმაზე მეტი უნივერსიტეტი, ვიდრე ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ჩვენი ზომის და ჩვენზე უფრო დიდ ქვეყნებში. ეს სტატისტიკაც, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ სისტემა არაჯანსაღად არის ჩამოყალიბებული. გვჭირდება ცვლილებების განხორციელება",- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სწორი განვითარებისთვის და ხელისუფლება მას ბოლომდე მიიყვანს.

„რომ ავიღოთ თბილისი და თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის თემა, ამას ემატება კიდევ მესამე უნივერსიტეტი. საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის დარგობრივი უნივერსიტეტი, ესეც არის ჩამოყალიბებული ბოლო 35 წლის განმავლობაში, როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. ერთ მარტივ მაჩვენებელს მოვიყვან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 60% გადის არატექნიკურ კურსებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესენია არატექნიკური დისციპლინები, შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთ უნივერსიტეტად, როგორიცაა თსუ, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი და ერთ ქალაქში გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია. ერთადერთი პრეცედენტია ბერლინი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც არის ორი უნივერსიტეტი. ყველა სხვა ქალაქში, მათ შორის, მილიონიან ქალაქებში არის თითო უნივერსიტეტი და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება, ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, სამი იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება. ეს, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ ის მწირი რესურსიც კი, რაც გვაქვს, სრულიად ირაციონალურად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს და ოპონენტები საუბრობენ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თან, რეალურად, თავის დროზე აღიარებული აქვთ, რომ სერიოზული, უმძიმესი პრობლემებია განათლების სისტემაში და როგორც კი შევეხეთ, ერთხელ ნახევრად ხუმრობითაც კი ვთქვი, რომ უცბად თსუ გამოაცხადეს ჰარვარდად, ტექნიკური უნივერსიტეტი გამოაცხადეს კემბრიჯად, ილიას უნივერსიტეტი კი ოქსფორდად, როცა მანამდე ყველა აღიარებდა, რომ არსად არ იყო უზრუნველყოფილი განათლების სათანადო ხარისხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი არგუმენტები არ არსებობს, მოსაწესრიგებელია თავიდან ბოლომდე სისტემა. ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი ამოცანა, დღეს ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო ხარისხის განათლებას უნივერსიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, არა კოსმეტიკური, არამედ რეალური ცვლილებები. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ",- აღნიშნა პრემიერმა.