მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან - რას ითხოვენ დასაქმებულები

მეტალურგია

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულები 6 თებერვლის შემდეგ ხელფასების 500 ლარით ზრდასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოითხოვენ.

ამასთანავე, მოთხოვნის ერთი ნაწილი ეხება რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას. „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეტალურგთან, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ სურამელაშვილი აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება ახალი წლის შემდგომ განხორციელდა, გათავისუფლებულთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.

„გაფიცულია არმატურის საამქრო. გაფიცულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა, ადგილზე რაც ვნახე, დაახლოებით 100 დასაქმებული იყო. გაფიცულები მოითხოვენ ხელფასების გაზრდას 500 ლარით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რეორგანიზაციის ფარგლებში გაშვებული თანამშრომლების აღდგენასა და გარანტიას, რომ პროტესტის შემდეგ მათი შევიწროება არ მოხდება“, - აღნიშნა სურამელაშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაფიცულებს შეხვდნენ. როგორც სურამელაშვილი აღნიშნავს, გაფიცულებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოჰყვება მედიაციის ვადების დარღვევით განხორციელებულ გაფიცვას.

„სამწუხაროა რომ, გაფიცული თანამშრომლები ჩვენი პროფკავშირი წევრები არ არიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მათ ადვოკატი ჰყავთ აყვანილი“, - დასძინა სურამელაშვილმა.

bpn.ge